კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)
,,ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება
არის უსრულესი გამოხატულება პოეტის სულში ჩაღვრილი იმ განუზომელი სიყვარულისა, ფიქრისა
და ყოველგვარი სიკეთისა, რომელსაც ღრმა შინაარსს აძლევვდა, უხვად ასაზრდოებდა სამშობლოს
მადლიანი მიწა-წყალი, შრომისმოყვარე, მაღალი კულტურის, ძლერი ინტელექტის და დიდი შემოქმედებითი
პოტენციის მქონე ქართველი ერი.”
🔅🔅🔅
ვინც
ქვეყნის სამსახურში ჩამდგარა და მოწოდებად ქვეყნისათვის ღვაწლი მიუჩნევია, პირუთვნელად
უნდა ამბობდეს სიმართლეს... და ითქვა სიმართლე მოთხრობით ,,კაცია ადამიანი?!“, რომელსაც
ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ანდაზა: ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანაო.“
ილია
ჭავჭავაძე ნაწარმოების შესავალ ნაწილშივე ამახვილებს ყურადღებას, ,,ჩვენ პირთან საქმე არ გავაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა
ვწერთ...“ განა შეიძლებოდა ,,საზოგადო ჭირი“ როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, ილიას
თავის გულისტკივილად, თავისი ერის უბედურებად არ მიეჩნია? განა შეეძლო მას, საზოგადო
სიკეთისათვის თავდადებულს, ხალხის გეენისთვის ზურგი შეექცია, მისი ,,შეუცდომელი და
ყოველთვის მართალი“ სიბრძნე არ მიეღო, ,,სხვისთვის“ გული არ ტკენოდა, თუნდაც ეს გულისტკივილი
იმ ,,სხვას“ ცოდვად მიეჩნია?
მოთხრობა
იწყება ნაწარმოების მთავარი გმირის, ლუარსაბ ზაალის-ძე თათქარიძის სახლ-კარის აღწერით.
ის სრული მოშლილობისა და ასევე სრული აპათიის ძეგლად ქცეულა. ,, ... იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან
გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა,
რომ ქართველია!..“
კიდევ
უფრო უარეს მდგომარეობაშია ლუარსაბის ეზო, ისე უწმინდური, როგორც ,,ძველი ჩინოვნიკის
გული“_დასძენს ავტორი. ძნელად თუ მიაღწევდით პატრონამდე, რომ ,, არ გასვრილიყავით,
ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება არ აგეყოლიათ“. მთელ ამ გარეგნულ ,,ბრწყინვალებას“
ამთავრებს სახლის შინაგანი მორთულობა: აგურის იატაკი შიგა და შიგ ამოცვენილი, რასაც
ორმოები გაუჩენია, თუ ,,ფეხი შიგ ჩავარდა, ვაი შენს მტერს! ან კისერი მოსტყდება კაცსა,
ან თითონვე ფეხი.“ ოთახშიც სრული სიბნელე და უწესრიგობა სუფევს.
სიღარიბესა
და გაჭირვებას არ დაუქცევია თათქარიძის კარ-მიდამო. ლუარსაბი კარგა მდიდარი კაცია,
,, ოცი კარგად გაკეთებული კომლი კაცი,
ასე რომ ათ ურმამდინ საბეგრო ებმებოდა, ცხვარი ბლომად და ასიოდეც ცხენი“. ჰქონდა, აგრეთვე,
,,ორი მოზრდილი ვენახი და ას ორმოცდაათი დღის სახნავ-სათესი.“ მაშ, რა არის მიზეზი,
რომ შეძლებულ კახელ მებატონეს ასე საცოდავად მოუწყვია თავისი სახლ-კარი? მიზეზი ის
არის, რომ მისი პატრონი ქართველია _ სრულიად დარწმუნებული აცხადებს ავტორი.
მაგრამ
ეს მხოლოდ ნახევარია უბედურებისა. თვით ლუარსაბი და კნეინა დარეჯანი სრულ ანალოგს წარმოადგენენ
თავიანთი მოშლილი სახლ-კარისა.
ლუარსაბი ,, გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი — უკაცრავოდ არ ვიყო ამ სიტყვაზედ — როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები _ ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის“ ღირსეული სამკაული.“
ფიზიონომია
მთავარი მოქმედი გმირისა წინასწარ გვაგრძნობინებს, თუ რა სული შეიძლებოდა მოთავსებულიყო
მარტოოდენ ხორცად ქცეულ მართლაც ამ მშვენიერ გვამში.
სახლ-კარი
კი დაქცეოდა ლუარსაბს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ვხედავთ, ,, ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი
უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას
ბალნით არჩევს.“
მოტყუებული
ლუარსაბი ბედს უდრტვინველად ემორჩილება, მაგრამ არც ეს მორჩილებაა პირადი თვისება.
ესეც საერთოქართული ყოფილა. ,, კარგი
რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე,“ _ შენიშნავს
ავტორი.
თათქარიძეობის
მთავარი შემადგენელი კომპონენტი სიზარმაცეა.
ლუარსაბზე
ამბობდნენ, სტუმარი ეჯავრებოდაო, მაგრამ ეს თურმე სიძუნწით არ მოსდიოდა. ილია იროიულად
შენიშნავს, სიძუნწე და ქართველი ისე ვერ მოთავსდება ერთად, როგორც ცეცხლი და ყინულიო
,, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო
და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა
იყო ამის სიკვდილი.“
სიზარმაცე
არ არის ერთფეროვანი მოვლენა. მისი ნაირსახეობაა ცრუსაქმიანობა. ამაში ლუარსაბის თანამეცხედრეს
ტოლი არა ჰყავს ,,ეს
ამოდენა დედაკაცი, ჩაგოდრებული, ჩასორსლებული, ხშირად დილიდამ შუადღემდინ ფეხზედ იდგა
და გორგალსავით დაგორავდა. უსაქმო არ იყო, როგორც სჩანს: იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა საკერავზედ
მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ პატარა მურიან
ბიჭსა...და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა... და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა
ოთახში“... ეს უაზრო ბზრიალ-ტრიალი და ფაცი-ფუცი ლუარსაბს საქმე ეგონა და კმაყოფილიც
ბუტბუტებდა: ,, კაი ოჯახის ბურჯია,
კაი მადლიანი დედაკაცია, გმადლობ, ჩემო გამჩენო, რომ ამისთანა შემახვედრე!“
სიზამრაცისა და ცრუსაქმიანობის შედეგი ნათელია. ამის უტყუარი ილუსტრაციაა თათქარიძის სახლ-კარი, რომლის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დაძაბოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. ამ ლოგიკური დასკვნის მაგიერ ლუარსაბი თვითკმაყოფილია და კვეხნის დაუოკებელი სურვილით სავსე. თათქარიძისებური კვეხნის საინტერესო მხარე ის არის, რომ იმ ტრაბახის არავის სჯერა, გარდა თავად ლუარსაბისა და დარეჯანისა. მათი კვეხნა მხოლოდ თვითმოტყუებაა.
თათქარიძეებს
რაიმე აუცილებლობა არ აიძულებს იცრუონ. ტყუილი მათი არსებობის პრინციპია. ტყუიან ბატონები,
ასევე შეგნებულად ტყუიან მათი გოგო-ბიჭებიც.
ლუარსაბი
უვიცობის განსახიერებაა, სრულიად უცოდინარი კაცია, წერა-კითხვაც არ შეუსწავლია, მაგრამ
ეს ნაკლად კი არ მიაჩნია, პირიქით, ამაყობს კიდეც. სწავლას იგი უყურებს, როგორც ,,ეხლანდელ
ჭირს“ , რაკი ძვალ-რბილში გამჯდარი აქვს ის უხეში, პირუტყვული აზრი, რომ ,, კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღე-ყოველ უნდა
ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო.“ ამიტომაც მისტირის
წარსულს ლუარსაბი: ,,დრო გამოცვალა... რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო,
ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით
ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ
წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი.
წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, — ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს!.. კაი
ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი.“
საკუთარ სახლში გამოკეტილან, ქვეყნის ყაყანს მოშორებულან ეს ,,ორი ტურფა გვრიტი“, ერთსულიანი და ერთხორციანი და ,, საკვირველად ტკბილად სცხოვრობენ.“ მათ თავიანთ ქვეყანაზე ,,მჯობი“ ცხოვრება არ ეგონათ. ,, ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა.“ რა თქმა უნდა, ეს სრული კმაყოფილება იწვევს პირფერობასა და ფარისევლობას, რასაც საზღვარი არ აქვს. გულმოდგინედ მოურგიათ თვალთმაქცობის ნიღაბი ბატონსაც და ყმასაც. ერთმანეთი სძულთ, ეზიზღებათ, მაგრამ მაინც ლიქნასა და ლაქუცს ამჯობინებენ. სხვაც მოატყუე და თვიც მოიტყუე. თუ არაფერს შეიძენ, არც არაფერს დაჰკარგავ. თან მშვიდად იცხოვრებ და ამქვეყნიური ჭირ-ვარამიც ნაკლებად შეგაწუხებს.
ჩნდება კითხვა: _ სიზარმაცის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, პირფერობის ატმოსფეროში რა უნდა აკეთოს ადამიანმა? უნდა ჭამოს. და ლუარსაბიცა და დარეჯანიც ჭამენ. ,,ხვალ რა ვჭამოთ, იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო მათი აზრის აღებ-მიცემა.“
თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია. თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა“_ რა უნდა მოჰყვეს მას? როგორ უნდა გაგრძელდეს იგი? ილია მკაფიო პასუხს იძლევა. ასეთი ცხოვრების დასასრული სრული უნაყოფობაა. რამდენი არ იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, როგორ არ შეაწუხეს ღმერთი, მკითხავსაც კი დაუჯერეს და თელეთის ხატიც მოილოცეს, მაგრამ არაფერმა გაჭრა, არ შეეძინათ შვილი. ნაწარმოებში შვილიერების ხაზს ალეგორიული შინაარსი აქვს. ეს უნაყოფობა ყოველგვარ უნაყოფობას გულისხმობს, ამიტომაც არ გააჩნია ცოლ-ქმარს არავითარი ნიჭი. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ჭამა და ძილია.
უშვილობით
დადარდიანებული დარეჯანი ექიმბაშის წამალმა გამოასალმა წუთისოფელს. ცოლის სიკვდილმა
წაახდინა ლუარსაბი, გაახმო და დააჭკნო ეს ქონით და ხორცით სავსე კაცი, მაგრამ ფერისცვალობის
დღეს ცდუნებას ვერ გაუძლო, ნათლიმამისაგან მირთმეული ნახევარი ლიტრა კალმახი მიირთვა
და სულიც განუტევა. ,, მოკვდა ლუარსაბიცა
ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს
ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ.“
ილიას
აზრით, თათქარიძეთა ხსნა უზენაესის ბადალი სრულყოფილებისაკენ ლტოლვაა, რადგან იცხოვრო,
ნიშნავს, ეცადო აღასრულო მცნება _ ,,იყვენით თქუენ სრულ, ვათარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ
სრულ არს.“ (მათე 5,48)
დაუვიწყარი სახე შექმნა ილიამ დაეჯანის მოსამსახურე
გოგოს, ლამაზისეულის, დახატვით. ეს ცოცხალი საცოდაობაა, რომლისთვისაც მშვენიერების
აღმნიშვნელი სახელი იმიტომ შეურქმევიათ, რომ სახელის გარდა ყველაფერი წაერთმიათ. სახელი
კი ისეთი აქვს, რომ ესეც დამცირების, აბუჩად აგდების სინონიმია და არა მისი ღირსების
გამომხატველი. იგი მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა ნაწარმოებში და ვხედავთ, რომ ბატონყმურ ცხოვრებას
ისე დაუჩაგრავს, დაუმონებია ეს უწყინარი არსება, როგორც პირუტყვი, სასაცილოდ გაუხდია
იგი: ,, სასაცილო რამ იყო
ეს ლამაზისეული: ერთი რაღაც უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი, ტანზედ ეცვა ხამის
ჩითის კაბა, ჭუჭყისაგან ვერ გაირჩეოდა — რა ფერისა იყო; კალთები აქა-იქ გამომწვარი
ჰქონდა ზამთარში ცეცხლთან ახლო გდებისაგან, ბოლოები სულ მომპალი და შემოფხრეწილი ჰქონდა...თავზედ
ეკრა შიგა-და-შიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი...იმ ამოფლეთილებში მუთაქის მატყლსავით დასორსვლილი
შავი — უკაცრავოდ არ ვიყო — წილიანი და დაუვარცხნელი თმა მუჭა-მუჭად ამოშვეროდა. ქუსლებ-დახეთქილი,
მუგუზალსავით შავი ფეხები, წენგოსაგან შეღებილი ხელები, ცხვირ-პირი ქვაბების მურით
მოთხუპნული“...
მაგრამ
ლამაზისეული მატრო როდია. დაჩაგრულია ელისაბედის გოგო, აგრეთვე პატარა ბიჭი, რომელსაც
ძაღლის ბედი ენატრება. ისინი მინიატურული გალერეაა მათსავით დაბეჩავებული, უფლებაწართმეული,
ცხოველურ არსებობამდე მიყვანილი უთვალავი ადამიანისა, რომელთაც ყმა-გლეხები ეწოდებათ.
და რომლებიც ლაბა ხარებივით შებმულან ბატონყმურ უღელში.
მოთხრობის ფინალში კი ავტორისეული რემარკები ფართოდ გადმოგვიშლიან ილია ჭავჭავაძის კრედოს, მის მსოფლმხედვლობას, მიზანს, რაც საფუძვლად დაედო ,,კაცია-ადამიანს?!“
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბაქრაძე ა. ილია და აკაკი, თბ. 1993 წ.
- ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად, თბ. 2014 წ.
Comments
Post a Comment