ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)
ავთანდილი იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას.
როსტევან მეფის ნებართვის გარეშე ტოვებს არაბეთს და მიემართება ტარიელის დასახმარებლად.
მზადაა მეგობრისთვის სიცოცხლე გასწიროს. იგი როსტევანს წერილს უტოვებს და ცდილობს განუმარტოს
მიზეზები რატომ იქცევა ასე. არაბთა სპასპეტს ღრმად წამს, რომ გონიერი ადამიანი მოყვარეს
არასოდეს უღალატებს, არასდროს დაარღვევს მიცემულ პირობას, რადგან სიცრუე ვნებს როგორც
ხორცს, ისე სულს. მეფემ ეს ყოველივე კარგად იცის, სპასპეტი მისი გაზრდილია, მან ჩაუნერგა
ყველა ჭეშმარიტი ღირებულება, ამიტომაც მიმართავს მას თავგანწირული მეგობარი და ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ თუ საქმით არ დაამტკიცე, მხოლოდ ცოდნა მაღალი, ზნეობრივი მისწრაფებებისა ამაოა და არად არგებს
ადამიანს: ,,არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,“ წერს იგი. მისივე
აზრით, სწავლის, ცოდნის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ უკეთესი
ადამიანი გახდე და ,,მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ ზეციურ სამკვიდრებელს
კი ვერავინ დაიმკვიდრებს თუ ცხოვრების მეგზურად სიცრუეს აირჩევს, თუ გააწბილებს მეგობარს,
საკუთარ ტკივილად არ მიიღებს მის განსაცდელს.
ტარიელის
დასახმარებლად წასული ავთანდილი მარტო არ გრძნობს თავს. წერილში ჩანს, იგი ღმერთზეა
მინდობილი. სწამს, რომ შემოქმედმა მისცა ძალა, შესაძლებლობა ,,ძლევად მტერთად“, რადგან
თუ ღვთის ნება არ იქნება , არაფერი გამოვა. სპასპეტის აზრით, დედამიწის ზურგზე ვერავინ,
მათ შორის ვერც ავთანდილის დიდი გულშემატკივარი და მოყვარული როსევან მეფე, შეძლებს
წინ აღუდგეს ღვთის ნებას. ვერავის ხელეწიფება დაიცვას ის უკეთ, ვიდრე უფალი აკეთებს ამას.
ვფიქრობ,
ავთანდილი კარგად ახერხებს დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება . აღნიშნავს კიდეც:
,, მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა“. შეძლო
მეფისათვის განემარტა რა იყო მისთვის
მიზეზი თავგანწირვისა, გაპარვისა.
მოცემული
ტექსტის მთავარი სათქმელი შესანიშნავ მეტეფორაშია რეალიზებული: ,, მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი
ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების“. ავთანდილისთვის მზე, ,,ტურფა საჭვრეტელი“ არის უფალი
და მისი ქმნილება _ ტარიელი. ამ უკანასკნელთან განშორება, მისი ღალატი, უდრის უფლის
გზიდან გადახვევას. პოეტი ეძებს ფარულ ნიუანსებს გმირის სულიერ სამყაროში, ხედავს
პიროვნებისეულ ჭიდილს საკუთარ მესთან და ნაცვლად მოთხრობილი ამბის გარეგნული, ფაბულური
მხარისა, ლიტერატურული ინტერესის გადატანას ცდილობს პერსონაჟის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, ვეფხისტყაოსნის
პოეტური სამყაროს მიმზიდველობა მეტწილად მაღალი აზრობრივი ღირებულების და გამომსახველობითი
სრულყოფილების ჰარმონიითაცაა განპირობებული, რაც პოეტის აფორისტულ მეტყველებაშიც ვლინდება.ქრისტიანული
მორალი, ანტიკური ფილოსოფია, ქართული ხალხური და აღმოსავლური სიბრძნე რუსთველის პოეტურ
ხელოვნებაში ზუსტ, სხარტ, დახვეწილად ნათქვამ, ტევად აპოფთეგმებად, ბრძნულ გამონათქვამებად
ჩამოიკვეთება და თავისი მრავალმხრივობით ადამიანური ოპტიმიზმის, სიბრძნის და მაღალი
ზნეობის ფილოსოფიურ კოდექსს ქმნის.
Comments
Post a Comment