აჩრდილი (ანალიზი)

 

 

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემას ,,აჩრდილი“, რომელშიც გაშუქებულია ეროვნული და სოციალური საკითხები.

ავტორმა ,,აჩრდილს“ ეპიგრაფად შოთა რუსთაველის სიტყვები წაუმძღვარა: ,,რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ და ამით ხაზი გაუსვა სიცოცხლის მუდმივობასა და დროთა ცვალებადობას. ილია ჭავჭავაძე საქართველოს დიადი დღეების აჩრდილს ამეტყველებს, მისი თვალით ხედავს წარსულსა და აწმყოს. აჩრდილი აცხადებს:

                        „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..

მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.

შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.“

            საქართველოს ეს უკვდავი, ტანამდევი სული ქვეყნისა და ერის ცხოვრების მოწმეა, მათთან ერთად განუცდია ტანჯვა და ვაება. მას ახსოვს წარსულის დიდება, ახსოვს ქვეყნის მადლი _ თავისუფლება. ახლა კი ეს თავისუფლება აღარაა. განწირულება დაუფლებიათ მამულიშვილებს და აღდგენის იმედიც თითქმის გამქრალა. აჩრდილი შეწუხებულია, რომ არც დიდს და არც პატარას გული აღარ შესტკივა ქვეყანაზე, ყველას დავიწყებული აქვს უპირველესი მცნება, რომ ცას ადამიანისთვის მიუნიჭებია სამშობლო. საქართველოს თანამდევი უკვდავი სული შეძრწუნებულია, რადგან საგმირო ასპარეზი ჯაგრით აღვსილა, გმირის წარმოშობის საგანი ახლანდელ საქართველოში წარწყმედილა. მამული უცხო კალთასაა შეფაებული, რადგან შვილებმა დაჰგმეს იგი. არა და ,,ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა“ ახლა ქედმოდრეკილია.

            ამ დავრდომილ ადამიანთა შორის შიგა და შიგ გამოკრთება ღვთის ნაპერწკალი, მაგრამ, რადგან ქვეყნის შვილებს ერთმანეთთან შური და ქიშპი განუზრახავთ, ეს განგების ნაპერწკალი ძალას ჰკარგავს. აჩრდილი საშინელ სურათებს ჭვრეტს თანამედროვე საქართველოში: აგერ უაფალი და მისი მონა! რა მწუხარებას შეუპყრია დამონებული და მშრომელი! ბედშავი დღე და ღამე ოფლში ცურავს, შრომობს, მაგრამ ვერაფერი ბედენაა დამონებული ადამიანის შრომის შედეგი _ ,, ვინა ჰშრომობდა და ვინა ჰძღება, ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!“ დამონებულ ადამიანს კაცური ღირსება ახდილი აქვს. უწმინდური ხელით თხრიან დედის გულიდან უკეთეს გრძნობას, შვილის სიყვარულს ცოდვად უთვლიან და დედის ძუძუდან მოგლეჯილს ,, ვინ იცის, საიდამ სად გაჰყიდიან“, გაამწარებენ მონას, მის შვილს შეუბრალებლად ნამუსს ახდიან, და როცა უფლება და შვილწართმეული თავის მომავალს დაინახავს შეგინებულსა და შეურააცხყოფილს, მაშინ იტყვის:

                                    ,, ...ნეტავი გველად,

გველის წიწილად მე მომცემოდი,

რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად

შენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი.“

            დარბაისელი დედაკაცი განცხრომაშია, ცბიერი ვაჭარი მოძმეთ ატყუებს და არ ენაღვლება მათი შიმშილი. თვით ხალხის მამასაც,მ ღვდელს, გულხელი დაუკრეფია და სიყვარულისა და სიმართლის სიტყვას ვაღარ ამბობს.

            თბილისსაც დაუკარგავს თავისი ფერი, ერთი შეხედვით, თითქოს ქალაქი ცოცხალია,                ,,ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ, ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ          ,“ მაგრამ ყველა თვალთმაქცობს. იქ აღარც სიცოცხლეა, აღარც გემოვნება. ის, რაც წინათ მამათა ნაღვაწი და სადიდებელი იყო, დღეს მათ შვილებს არაფრად უღირთ:

,,გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან,

მთავრის ღიმილზე - პატიოსნებას,

და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან

თავის მამულის თავისუფლებას.“    

            როგორ გამოიყურება ქართველ გმირთა სავანე მცხეთა?! ქართვლის შვილებმა იქ ჩარგეს თავისუფლების ნერგი, იქ ჰყვაოდა ,,ხე ცხოვრებისა“, იქ ,,სდიოდა წყარო შვებისა“, ქართვლის ტკივილი ყუჩდებოდა...“ ახლა კი:

,,აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,

ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა

და იგი დედაქალაქი ვრცელი

აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა,

ნგრეულმან მისნი დიდნი პალატნი,

დიდი ცხოვრება მის დაცემულა,

დღეს იმ ცხოვრების წმიდა ალაგნი

პირუტყვთა ქელვით შეგინებულა.“

            რამდენი ვაება გადახდენია ქართლის სამკვიდროს ,,ჯვარცმულსა. ღვთისთვის თვით ჯვარცმულსა და წამებულსა ეკლიან გზაზე, რამდენი შემზარავი ბრძოლა გადაუხდია, მაგრამ გადარჩენია ყოველ განსაცდელს. მას ჰყავდა გულმტკივნეული შვილები, რომლებიც ქვეყანას მზის სხივებივით ჰფენდნენ თავისუფლებას. ახლა?!

                                    ,, წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,

მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,

აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...“

            ეს მიმოხილვა წარსულისა და აწმყოსა ილიას გაშლილი აქვს შესანიშნავი ბუნების ფონზე:

                                    ,, აღმობრწყინდა მზე დიდებულადა

და გაანათლა ქვეყანა ბნელი,

კავკასის მთების წვერთა მაღალთა

ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.

აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,

ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,

იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,

იგივ დიდებულ და დადუმებულ.“

სწორედ ამ ამაყი სიმაღლის ფონზე მოევლინა პოეტს ,,კაცი დიდი, მყინვარზე მდგომი მოხუცებული.“

            ასე ამოგზაურებს პოეტი მკითხველს საქართველოს წარსულში, ასეთ სურეთებს უჩვენებს დასაგმობი აწმყოსა. ილია აქ არ ჩერდება, მას უფრო მომავალი აფიქრებს და ამ მომავლის დადგომას იგი ბრწყინვალე მეტაფორებით ხატავს. პოეტს სწამს, რომ მონობა, ჩაგვრა აღარ შეიძლება დაუსჯელად გაგრძელდეს, მომავალი ,,შრომის შვილს“ ეკუთვნის, ,,ტყვედქმნილი“ შრომა გათავისუფლდება:

,,ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი

განახლებისა გრიგალის ქროლას,

ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი

ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, -

და დაიმსხვრევა იგი ბორკილი

შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,

და ახალს ნერგზედ ახლად შობილი

ესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების.“

ქვეყნად დამყარდება ,,შრომის სუფევა“, განმტიკდება კაცთმოყვარება, უქმ სიტყვებად არ დარჩება ,,ძმობა, ერთობა, თავისუფლება.“

,, მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები,

წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,

სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები,

არცვის ემონვი და არც იმონებ.“

            პოემა მთავრდება პოეტის ოპტიმისტური განწყობით, ახალი, ნათელი ცხოვრების მაუწყებელი ცისარტყელის გამოჩენით:

,,მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა

შვიდფეროვანი სარტყელი ცისა

და გადეფინა ჩემს ქვეყანასა

მახარობელად ტკბილ იმედისა.“

            ილია ჭავჭავაძის ,,აჩრდილი“ პარტიოტიზმის დიდი საგალობელია. ნაწარმოებში ილიამ მთელი დამაჯერებლობით გამოხატა ეროვნული ოფტიმიზმი; მისი უდიდესი რწმენა, რომ დადგებოდა დრო და ის საქართველო, რომელიც მარავლსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთგულად იგერიებდა გარეშე მტერთა ურიცხვ თავდასხმას, ის ხალხი, რომელმაც ,,მამული თვით ღმერთზე მეტად იწამა“, ნეთელ, თავისუფალ ცხოვრებას მოესწრებოდა. სჯეროდა პოეტს, რომ შეისმენდა ღვთისმშობელი საქართველოს თანამდევი უკვდავი სულის ვედრებას და არ მოარიდებდა ,,მოწყალე თვალს.“

            პოემა საინტერესოა სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველობითი, პოეტური ხერხების გამოყენების თვალსაზრისითაც. შთაბეჭდილებისა და ემოციის გასაძლიერებლად ავტორს ოსტატურად აქვს შერწყმული ერთმანეთთან ნაწარმოების შინაარსობრივი და მხატვრულ-ესთეტიკური მხარეები. პოემის კითხვისას იგრძნობა მისი ტემპის სხვადასხვაობა. იგი აღსავსეა ეპიკური და დრამატული პასაჟებით, პოეტის ლირიკული განდობებით, საგალობლებით. ნაწარმოებში გამოყენებულია ათ და თოთხმეტმარცვლიანი ტაეპები. მატაფორებს გარკვეული იდეური დატვირთვა აქვთ. მათი მეშვეობით მწერალი მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს მკითხველის განცდებსა და ემოციებთან. ,,აჩრდილი“ უსიუჟეტო ლირიკული განწყობილებითა და პატრიოტული პათოსით შექმნილი პოემაა. მისი ლირიკული გმირი ავტორია, დიდებული მოხუცის სახით გამოხატული. პოემის ამბავი საქართველოს ამბავია, პიროვნებათა დაუსახელებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აბაშიძე . ეტიუდები, თბ.1970 წ.
  2. ბაქრაძე . ილია და აკაკი, თბ. 1993 წ.
  3. კოტეტიშვილი . მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ. 1959 წ.
  4. ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად,  თბ. 2014 წ.

Comments

Popular posts from this blog

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ბედი ქართლისა (ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)