ოთარაანთ ქვრივი (პერსონაჟის ანალიზი)
ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება არის უსრულესი გამოხატულება პოეტის
სულში ჩაღვრილი იმ განუზომელი სიყვარულისა, ფიქრისა და ყოველგვარი სიკეთისა, რომელსაც
ღრმა შინაარსს აძლევვდა, უხვად ასაზრდოებდა სამშობლოს მადლიანი მიწა-წყალი, შრომისმოყვარე,
მაღალი კულტურის, ძლერი ინტელექტის და დიდი შემოქმედებითი პოტენციის მქონე ქართველი
ერი.
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ,,ოთარაანთ
ქვრივს“. შემთხვევითი არაა, რომ მწერალი თავისი მოთხრობის მთავარი გმირის საცხოვრისად
ერთ-ერთ ნებისმიერ სოფელს ,,წაბლიანს“ ასახელებს. მას სურს, გვიჩვენოს, რომ ოთარაანთ
ქვრივი რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ერთეულის მკვიდრი კი არ არის, არამედ, საერთოდ, სოფლის მცხოვრებია, გლეხი
ქალი, ქართული ცხოვრების წიაღში დაბადებული, რომელსაც თავისი განსაკუთრებული თვისებების
გამო, ყველა იცნობს.
ილია თვიდანვე აყენებს ყურადღების ცენტრში ოთარაანთ ქვრივის სამართლისმოყვარეობას,
შეუპოვრობასა და ნებისყოფის სიმტკიცეს. ავტორს სურს, დაანახოს მკითხველს, რომ ქვრივი
სამართლიანი დედაკაცია და რაკი სამართლიანია, უშიშარიცაა. ეს კი განაპირობებს იმას,
რომ ის თავისუფალია, ვერავინ ბატონობს მასზე, სხვსი კარნახით არაფერს აკეთებს, თავისი თავი მას ეკუთვნის და
იქცევა ისე, როგორც საკუთარი ,,მე“ უკარნახებს. მართალია, ძნელია კლასობრივ საზოგადოებაში
პიროვნების თავისუფლებაზე ლაპარაკი, მაგრამ ქვრივის სიდიადე, ვითარცა რჩეული ადამიანისა, სწორედ იმაშია, რომ მან შექმნა, მოიპოვა
ეს თავისუფლება. ნაწარმოებში ჩანს, რომ იგი ფსიქოლოგიურადაც
შემზადებულია კეთილი და სამართლიანი საქმეების შესასრულებლად, რომ იყოს სამაგალითო
ადამიანი, ყოველთვის გააჩნდეს სპეტაკი სინდისი. ამიტომ არის,
იმდროინდელ სოფლის მკვიდრთ უკვირთ ასეთი პიროვნება, უდრო მეტიც, ბევრს ეშინია და ერიდება
კიდეც მისი. ნაცვალსა და მამასახლისს რომ თავი დავაებოთ,
გლეხობასაც კი იპყრობს ხშირად ასეთი გრძნობები. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ქვრივი მის
ირგვლივ მოფუსფუსე გლეხებისგან ბევრი ნიშნის მიხედვით განსხვავდება. მონურ შრომასა
და მორჩილებას შეჩვეულ გლეხებს ეუცხოვებათ თავიანთ თანამოძმეში ასეთი შეუპოვარი სულის
არსებობა. ეს შეუცნობლობა არის საფუძველი იმისა, რაზეც მწერალი ამბობს: ,,კაცი ვერ
იტყვის, სძულდათ თუ უყვარდათ ოთარაანთ ქვრივი სოფელში.“
მის მიმართ გამომჟღავნებულ შიშსა და მორიდებაში ქვრივი თანამოძმეთა სისუსტეს,
ქალაჩუნობას, მიუხვედრელობას ხედავს. თორემ ,, რა ბაყბაყ-დევი მე მნახესო! მე
მარტო ისა ვარ, რომ ჩემს ჯავრს არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის დავეჩაგვრინები.
თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ
ვივლიო.“
მწერალი ქვრივის კიდევ ერთ მაღალ თვისებას გამოკვეთს, კერძოდ, სიტყვისა
და საქმის ურთიერთობას. მთელი მოთხრობა იმის დადასტურებაა, რომ ოთარაანთ ქვრივი რასაც
იტყოდა ან დაიჩემებდა, იმას კიდეც მოიყვანდა სისრულეში, ,,იმისი თქმა და ქმნა ერთი
იყო.“
ქვრივს ერთი უცნაური ზნე ჰქონდა. არ უყვარდა მაამებლური, ტკბილი სიტყვა,
რადგან ,,ამ გამწარებულს წუთისოფელში“ სიამოვნებისა და კმაყოფილების მომგვრელს მაინცდამაინც
ვერაფერს ხედავდა. ტკბილსიტყვაობაში თვალთმაქცობისა და ,,გაქეციანებული“ გულის ფხანის
საშუალების მეტს ვერაფერს ჭვრეტდა. ქვრივის აზრით, მოფერება, ალერსი ადამიანს ადუნებს,
პასიურს ხდის, ძილს ჰგვრის, ცხოვრება კი ამას ვერ ჰგუობს. ,,თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო
ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა,“_ ამბობდა ის.
ბევრს ეგონა, რომ ოთარაანთ ქვრივმა,
არ იცოდა ადამიანის სიყვარული, თითქოსდა მას გულის მაგივრად ქვა ედო მკერდში.
მაგრამ ამას, ალბათ, არ იტყოდა ის ერთი ქვრივი დედაკაცი, რომელიც სოფლის მეორე ნაპირას
ცხოვრობდა რამდენიმე მცირეწლოვან შვილთან ერთად. ქვრივი მადლზე პილპილს აყრიდა. მას
მარტო ის კი არ აწუხებდა, რომ უხეირო და უნდილ ქალთან ჰქონდა საქმე, არამედ განსაკუთრებით
ის სტკენდა გულს, რომ ბალღებიც მიეჩვივნენ უსაქმურობას და მათგან კარგი არაფერი გამოვიდოდა
უღირსი დედის ხელში. ქვრივი ყოველთვის ნიღბავდა, უჩინარს ხდიდა მის მიერ ჩადენილ სიკეთეს
და არასოდეს უცდია, საკუთარი თავის გამოჩენის იზნით, ეზრუნა საქველმოქმედო საქმეებზე. მან კარგად
იცოდა, რომ თუ კაცს არ აგრძნობინე გაჭირვება, შრომის აუცილებლობა და სხვის ნაოფლარს
დააჩვიე იგი, მისი გამოსწორება ყოვლად შეუძლებელი იქნება.
ოთარაანთ ქვრივის რისხვის
ობიექტები ყოველთვის არიან შრომისუნარიანი უქნარები და არა უმწეონი და დავრდომილნი.
პირიქით, მათზე ზრუნვის მაჩვენებელი ისიც არის, რომ მათთვის განკუთვნილი ქისა აქვს, რომელსაც ხან ,,ფარსიღას ქარვასლას“
ეძახდა, ხან კი _ ,,შიოს მარანს.“
ოთარაანთ ქვრივის ამ ზოგიერთი ნიშანდობლივი მხარის ჩვენების შემდეგ ილია
ჭავჭავაძეს შევყავართ ქვრივის ოჯახურ გარემოში, მის კარმიდამოში, რომელსაც გამრჯე,
საქმისმოყვარე, ოჯახის ერთგული, განჭრიახი, თავმოყვარე, ქმრის ანერძის პატივისმცემელი
ადამიანის ხელი ატყვია. ადამიანისა, რომელიც ,,მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს ოჯახში.
მისი ხელი და ფეხი დილიდან საღამომდე არ დადგება.“ ქვრივი ,,თავის ხელით ჰბარავს, სთოხნის,
ჰმარგლის, სთესს და ჰკრეფს.“ მართალია, სოფელს უკვირდა ქალის ხელში თოხი და ბარი, მაგრამ
ოთარაანთ ქვრივი ამას სრულებითაც არ აქცევდა ყურადღებას. მას საქმის, შრომის გარეშე
ადამიანი მარტოსულად მიაჩნდა, მარტოობასა და საკუთარ თავში ჩაკეტვას კი ვერ ურიგდებოდა.
ამიტომ ,, ვაი იმას, ვისაც უსაქმოდ მოასწრობდა ხოლმე: ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად
მოსთხრიდა.“
ბუნებრივია, რომ იმ ოჯახში, სადაც ,, დიდი გამრჯელი, მოამაგე, დიდი მუშაკაცი, განთქმული მონადირე“ _ თევდორე,
ოთარაანთ ქვრივის ქმარი, თავკაცობდა, იქ შრომისა და
პატიოსნების კულტი არსებობდა, რაც შემდეგ სახელოვნად გააგრძელა 24 წლის ასაკში დაქვრივებულმა
ქალმა.
ოთარაანთ ქვრივმა ქმრის ანდერძს სინდის-ნამუსის კალთა გადააფარა და მეუღლის
სპეტაკ სახელს ხან სხვისგან შეუმჩნეველი ცრემლების ღვრით, ხან ქმრის დანატოვარი თოფ-იარაღის
წმენდითა და მასტან ალერსით, ხან მამულში ვაჟკაცური ტრიალით სცემდა პატივს. გიორგის
ხომ თვალის ჩინივით უვლიდა და სახელოვნად ზრდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ახალგაზრდა
იყო, ქვრივის გული ვერავინ მოიგო და მან ყველაფერი ერთადერთ შვილს და ქმრის ანდერძის
საქმედ ქცევას ანაცვალა.
ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის რაღაც განსაკუთრებული, ულამაზესი, ღრმა შინაარსისა
და უდიდესი გრძნობების შემცველი დედაშვილობა ჰქონდათ. შვილი დედას გაგიჟებით უყვარს,
მაგრამ არ იმჩნევს, მალავს, თოკავს მიზღვავებულ გრძნობებს, თუმცა
საუბით ტკბილად კი საუბრობს შვილთან. სიტკბო და სითბო ამ
დროსაა დამახასიათებელი ოთარაანთ ქვრივის მეტყველებისათვის, რადგანაც დედაშვილობაში
იგი არ მიაჩნია თვალთმაქცობად და გულის მოსაფხან საშუალებად. დედამ ისეთი ავტორიტეტი
შეუქმნა თავის თავს შვილის წინაშე, რომ გიორგი ,,მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა.“
ამიტომ დედაც შეჰხაროდა თავმოწონებით შვილს. დედამიწის გულზე იმის მეტი სიხარული და
ლხენა სხვა არა ჰქონდა-რა, რომ შვილისთვის ეცქირა, შვილისთვის ეცოცხლა. „შენი ვარ,
შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო“, იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა
შვილს სამუშაოდამ მომავალს დაინახავდა.“
სამრთლიანი
აღმზრდელი იყო ოთარაანთ ქვრივი. თავმოყვარე გიორგის მხოლოდ ასეთი დედის ავტორიტეტი
ამუნჯებდა და მორჩილს ხდიდა.
ქვრივს
ერთადერთი საფიქრალიღა ჰქონდა _ ისე არ წასულიყო ამქვეყნიდან, რომ შვილისათვის თვალი
არ შეევლო. მალე შვილის ,,გულახდილობამ“ შეძრა დედა. ვეღარ გაუძლო გულმა და პირველად
შეაბრალა გიორგის თავი, ცრემლები მოადგა თვალებზე. გიორგი ხელით რკინის გადნობას დაიჯერებდა
და დედის თვალში კი ცრემლს არა, _ აღნიშნავს მწერალი, მაგრამ დედაშვილური სიყვარული
მძლეთამძლეაო, _ დასძენს იქვე. მართლაც რომ ორივე გატეხა ამ უძლიერესმა გრძნობამ...საიდუმლო
გამომჟღავნდა...სულმნათი დედაა ოთარაანთ ქვრივი, საღად აზროვნებს. რა განუზომელი და
ძლიერი სიყვარულის გრძნობაა უხვად ჩაღვრილი მის გულში! ამიტომაც ეუბნება არჩილს:
,, ნუ ეტყვი უარს. მე დედა ვარ და წამავალი.
ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. იმისი დღენი გასავლელი მინდორია, მე
კი ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები.“
ოთარაანთ
ქვრივს მხოლოდ ის კი არ აწუხებს, რომ კარგი ოჯახის შვილი, კარგი მამის ღირსეული შვილი
დგება მოჯამაგირე, არამედ ისიც უშანთავს გულს, რომ გიორგი ,,სასხვისოდ იხდის თავს“,
ე. ი. თავისუფლებას კარგავს, სხვისი ხელქვეითი ხდება, მაგრამ ... უყუჩდება ნაღველს.
ოღონდ შვილმა გაიხაროს და თვითონ გაუძალიანდება, გაუკერპდება დარდს, მოუვლის დედურ
ტკივილებს....
დედა-შვილის
მდიდარი სულიერი სამყარო და ნაყოფიერი პრაქტიკული საქმიანობა არის გაუბზარავი და ულაქო
სარკე, რომელში ყოველთვის უნდა ჩაიხედოს ადამიანმა და მოიცილოს, თუ რამ ურიგობა აცხია
სახეზე.
ოთარაანთ ქვრივმა თავისი სიცოცხლე, არსებითად, დაასრულა
შვილის სიკვდილთან ერთად. გიორგის გარდაცვალების მომენტიდან დედა მხოლოდღა სუნთქავს
და ცხოვრებით აღარ ცხოვრობს. მისთვის ახლა აღარ არსებობს არც თავმოყვარეობა, აღარც
ქმრის ანდერძის პატივისცემა, აღარც ოჯახი, აღარც პერსპექტივა... ის ყველაფერს გამოეთხოვა.
მას შეეძლო გაემეორებინა მომაკვდავი შვილის სიტყვები: ,,მკვდარს რაღა მომეკითხება“
და პირნათელი ყოფილიყო როგორც ქმრის, შვილის, ოჯახის, ასევე საზოგადოების შინაშე. ოთარაანთ
ქვრივი შვილის სიკვდილის შემდეგ მოგვაგონებს იმ ზარით მოცულ მყუდრო ოთხკედელს, რომელშიც
ქვრივმა აღარავინ გააჭაჭანა და სადაც მხოლოდ დედაშვილობის საცოდაობა დუღდა. გატყდა
ქვის დედაკაცი.
შვილის
საფლავზე დალია სული ოთარაანთ ქვრივის დედაშვილურმა სიყვარულმა. ასე დაანელა და მოსპო
გამრჯე, რკინის დედაკაცი შვილის სიკვდილმა. ესეც ბუნებრივია, ქვრივის სიცოცხლე სხვანაირად
არ შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ასეთი რამ სავსებით მოსალოდნელი იყო ისეთი დედისგან,
რომელმაც ,,თავისად მაყურებელი“ თვალი დაიბრმავა და მხოლოდღა შვილის მაყურებელი თვალით
დადიოდა და ცოცხლობდა. ილიამ კარგად იცის, რომ ,,დედაშვილური სიყვარული მძლეთამძლეა.“
გამოყენებული ლიტერატურა:
- აბაშიძე კ. ეტიუდები, თბ.1970 წ.
- ბაქრაძე ა. ილია და აკაკი, თბ. 1993 წ.
- კოტეტიშვილი ვ. მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ. 1959 წ.
- ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად, თბ. 2014 წ.
Comments
Post a Comment