თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები ( წაკითხულის გააზრება)
ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:
თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები
მთის ფერდობზე გამორბის თეთრჩოხიანი მხედარი. მას უკან ყიჟინით მისდევენ შავჩოხიანი მხედრები. ესვრიან თოფებს.თეთრჩოხიანი ციხე-კოშკისაკენ
მიაჭენებს ცხენს. ციხე შემაღლებულ ადგილას დგას. თეთრჩოხიანი შიგნით შეასწრებს მდევრებს,
ცხენიდან ჩამოხტება, რკინის კარს შიგნიდან ურდულს გაუგდებს და მიხვეულ-მოხვეული კიბეებით
ზემოთ აიჭრება.
სათოფურიდან ხედავს, როგორ უვლიან
ციხეს შავები და ცდილობენ რამენაირად ციხეში შეაღწიონ.
თეთრჩოხიანი თოფის
სროლით აიძულებს მათ, რომ ციხეს მოშორდნენ.
თეთრჩოხიანი ციხის
კუთხეში მიაყუდებს თოფს, პურით და ყველით დანაყრდება, პატარა ტიკიდან წყალს მოსვამს
და მერცხლების ცქერით ერთობა. მერცხლები კი ჟივჟივებენ და ბუდეებს აშნებენ.
მზის ჩასვლის შემდეგ
ისევ იწყება შავების იერიში.
თეთრჩოხიანი წამოხტება,
თოფისკენ წაიღებს ხელს, მაგრამ ერთ ადგილას გაშეშდება: ზედ მისი თოფის ლულაზე, იქ,
სადაც წვერით ეყრდნობოდა ციხის კედელს, ორი მერცხალი გამალებით აშენებდა ბუდეს. ცოტაღა
აკლდა ბუდის დამთავრებას.
…...
შავჩოხიანები გრძელი კიბეებით მიდიან იერიშზე. აგერ შემოერტყნენ ციხეს გარშემო. კედლებზე მიადგეს კიბეები.
ერთი წამით გაიშვირა
თეთრჩოხიანმა თოფისკენ ხელი, მაგრამ ვერ გაბედა მერცხლებისათვის ბუდის მოშლა. ციხის
ქონგურზე გადადგა და შავჩოხიანებს გადასძახა:
__ გნებდებით!
__ მაშინ ხელები
კეფაზე დაიწყვე და ისე გამოდი ციხიდან!__შემოსძახა შავების ბელადმა.
თეთრჩოხიანი ხელებაწეული
გამოვიდა ციხიდან.
შავები ეცნენ, გაკოჭეს, თავისავე
ცხენზე დააკრეს და გამარჯვებული ყიჟინით გაქუსლეს გაურკვეველი მიმართულებით.
მზე ჩადიოდა.
ციხეში მერცხლების ჟრიამულისაგან ყურთასმენა აღარ იყო. კუთხეში
მიყუდებულ თეთრჩოხოსნის თოფის ლულაზეც ბოლო გვირისტს ავლებდა თვის ბუდეს, გაზაფხულის
სიხარულით და სიყვარულით გულგამთბარი, ორი მერცხალი.
გოდერძი ჩოხელი
- წელიწადის რომელ დროს ხდება
ნაწარმოებში გადმოცემული მოქმედება?
ა. ზაფხულში ბ. გაზაფხულზე გ. შემოდგომაზე
2. თქვენი აზრით, რატომ ჩააცვა ავტორმა კეთილ პერსონაჟს თეთრი ჩოხა?
ა.
თეთრი ფერი სიწმინდის სიმბოლოა და ამ გზით, ავტორი ხაზს უსვამს მეომრის კარგ თვისებებს;
ბ.
უძველესი ტრადიციის თანახმად, მეომრებს მუდამ თეთრი ჩოხები ეცვათ;
გ. კეთილ პერსონაჟს ძალიან უხდებოდა თეთრი ფერის ტანისამოსი.
3.ნაწარმოებში ვკითხულობთ: ,,ერთი წამით გაიშვირა თეთრჩოხიანმა თოფისკენ ხელი, მაგრამ ვერ გაბედა მერცხლებისათვის ბუდის მოშლა.“
თეთრჩოხიანის
რა განცდები გაგვანდო ავტორმა ამ წინადადებით?
ა. ორჭოფობა და კრძალვა ბ. სიხარული გ. ეჭვი
4. მოთხრობის მიხედვით, თეთრჩოხიანი არის:
ა. დაუნდობელი ბ. ვაჟკაცი გ. მშიშარა
5. რატომ ააშენებინა ავტორმა ბუდე მერცხლებს თოფის ლულაზე?
ა.
ჩიტებს უყვართ თოფის ლულაზე ბუდის კეთება.
ბ.
ამ გზით, სურს გვითხრას, რომ ადამიანებმა სასიკვდილოდ არ უნდა გავიმეტოთ ერთმანეთი.
გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი
6. რის შესახებ არ არის საუბარი ტექსტში?
ა. სამშობლოს სიყვარულზე
ბ.
თავგანწირვაზე
გ. სიკეთესა და ბოროტებაზე
7. ,,ურდული“ არის
ა. კარის საკეტი ბ. საბრძოლო იარაღი გ. აგური
8. ,,სათოფური“ ანუ
ა. კლდე.
ბ. ციხის
კედელში დატანებული პატარა სარკმელი სროლის დროს თოფის გასაყოფად.
გ. გამადიდებელი
შუშა.
9. რა არის ,,ტიკი“?
ა. ტყავის ჭურჭელი.
ბ. თიხის ჭურჭელი.
გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
10. ადამიანებმა მერცხალს საალერსოდ შეარქვეს:
ა. ჩიტუნა ბ. კუდმაკრატელა გ. იადონი
სწორი პასუხები:
1 |
ბ |
2 |
ა |
3 |
ა |
4 |
ბ |
5 |
ბ |
6 |
ა |
7 |
ა |
8 |
ბ |
9 |
ა |
10 |
ბ |
Comments
Post a Comment