აბოს წამება _ სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება

 


იოანე საბანისძეს ,,აბოს წამებაში“, მსგავსად ძველი ქართული ლიტერატურის სხვა ძეგლებისა, განფენილია სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ მიუქცევიათ ყურადღება „აბოს წამების“ I თავში დასახელებულ ღვთის სიმბოლოებზე: „კარ“, „გზა“, „ტარიგ“, „მწყემს“, „ლოდ“, „მარგალიტ“, „მარილ“, „ყვავილ“, „ანგელოზ“, „კაც“, „ღმერთ“, „ნათელ“, „ქვეყანა“, „მარცვალ“, „მატლ“, „მზე სიმართლისა“. წმინდანისათვის მთავარი მაცხოვრის მიბაძვაა, ამიტომ თითოეული ეს სახე-სიმბოლო შეიძლება აბოს ცხოვრების რომელიმე მონაკვეთს, მის ღვაწლს მივუსადაგოთ. კერძოდ:

             „მარცვალ“

            იესო ქრისტე ერთ-ერთი ქადაგების დროს ყვება იგავს მთესველზე: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.

            ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.

            ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.

            ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი.

            ზოგი კი პოხიერ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.

            ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!“

            შემდეგ განმარტავს: „ყველას ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და გონებით არ ჩაწვდება, მოუხდება ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს, კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, მაგრამ რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება. ხოლო, პოხიერ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩაწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. ისე, რომ ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“.

            აბო სწორედ ის მარცავლი იყო, რომელიც „პოხიერ ნიადაგზე“ დავარდა და გამოიღო ნაყოფი. ცხადია, ისეთი მძიმე ვითარების ჟამს, რომელიც იმ დროს სუფევდა საქართველოში არაერთ რწმენაშერყეულ, გაორჭოფებულ, არაბთა მუქარისაგან შეშინებულ ქართველს, ქრისტიანს განამტკიცებდა მისი საქციელი. არაერთს გაუღვივებდა მინავლულ ნაკვერჩხალს რწმენისას.

             „ნათელ“

            აბო ჯერ არ იყო მონათლული ქრისტიანად, ჯერ კიდევ „ურჯულო“ ერქვა, თუმცა იგი იმდენად ზნეკეთილი იყო, რომ სიკეთესა და სიყვარულს აშუქებდა. იოანე საბანისძე წერს: „და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ერისა“.

            ან კიდევ, გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ლეონ II „აფხაზთა მთავარი“ მას ურჩევს არ გაჰყვეს ნერსეს ქართლში, რადგან იქ სარკინოზები არიან და შეიძლება აბო შეიპყრონ.

            პასუხად ნეტარი ამბობს: დაღათუ ბევრეული ოქროჲსა და ვერცხლისაჲ მომცენ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ მესმა წმინდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა გადგინ, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“ და დასძენს: „აწ მე რაჲსათვის დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი რომლითა განმანათლა მე ქრისტემან?“

             „კარ“, „გზა“

            მაცხოვარი ბრძანებს: ,,მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება და შევა და გამოვა და საძოვარს პოვებს.“ [იოანე10,9].

            ასევე, აბო,  ერთგვარად, „გზა“ და „კარი“ გახდა ქრისტიანთათვის. მან საკუთარი მოწამეობით გვიჩვენა, რომ სასუფეველს ვერავინ დაიმკვიდრებს ადვილად. ამისთვის ნებისყოფის სიმტკიცე და „ვიწრო გზით“ სიარულია საჭირო, ფართო კარიბჭეს კი დაღუპვისაკენ მივყავართ. აბომ მაგალითი მოგვცა. ღვთისმოშურნემ კი უნდა მიბაძოს და თუკი ამ კარში შევა, ამგვარ გზას გაივლის, მოახერხებს შევიდეს იმ კარიბჭეში, რომელზეც უფალი მიგვითითებს და ჰპოვებს საუკუნო ნეტარებას.       

            „კაც“

            კიდევ ერთხელ მოვიგონოთ, როგორ თრთოდა ჯვარცმის წინ კაცობრივი ბუნება მაცხოვრისა: „ მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.“ [მათე,26,39]

            ახლა კი გავიხსენოთ როგორ ამჟღავნებს ასეთივე შიშს აბო. ავტორი წერს: „მაშინ უდებყო შჯული იგი მაჰმედისი და წელი იგი მამულისა მის ლოცვისაჲდაუტევა და შეიყვარა ქრისტჱ ყოვლითა გულითა. არამედ ვერ განაცხადებდა თავსა თვისსა სრულიად ქრისტიანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტესი, რამეთუ ეშინოდა სოფლის მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა“.

             „ანგელოზ“

            ტექსტიდან ვგებულობთ, რომ წმინდა აბო ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა-დღედაღამ უფლის დიდებაში იყო, არ ცხრებოდა არც მგზავრობისას.

            „ ... ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა, ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა ამათ დღეთა მგზავრ ილოცვიდა  და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა“...

            არც საპყრობილეში!

            „ და იყოფოდა ნეტარი ჰაბო საპყრობილესა შინა მარხვითა , და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამე და დღე“.

            „ხოლო ნეტარი იგი არა ისმენინ მათსა, არამედ ილოცავნ და ფსალმუნებნ გონებითა თვისითა“...

            „და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე და დღე ყოველ იმარხავნ და ღამის თევით დადგრის განთიადამდე“.

            ,,ხოლომან ღამის თევითა მოიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დააფგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა ვიდრე განთიადამდე ყოვლადვე დაუჯდომლად, ვიდრე-მე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა“.

            მარტვილობის უკანასკნელ წუთებშიც კი ლოცულობდა.

            „ ... და სულითა თჳსთა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმინსა ამას ას და მეთვრამეტესა“....

            ... და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახვილსა“...

             „ტარიგ“

            წმინდა იოანეს  სახარებაში კითხულობთ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნის ცოდვანი სოფლისანი [იოანე].“

როგორც სულხან-საბა განმარტავს „ტარიგი“ არის სამსხვერპლო კრავი.

            ცნობილია, რომ ქრისტიანები მაცხოვარს მივიჩნევთ ტარიგად, კაცობრიობისათვის მსხვერპლად შეწირულ უბიწო კრავად.

            ნეტარი აბ მიცვალებითაც მიემსგავსა მაცხოვარს, მასავით წამებით აღესრულა. თავი გასწირა, რათა რწმენაში განემტკიცებინა, ცოდვებისაგან ეხსნა ადამინები, რომლებიც ირყეოდნენ  „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. წერს კიდეც იოანე საბანისძე ნაწარმოების ბოლო თავში: „შენ გამო წმინდაო მოწამეო, სიყვარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამი და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა“. („ქებაი წმინდისა მოწამისა ჰაბოისი“).

             „ყუავილ“

            იოანე საბანისძე წერს: „...ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა,ზედამდგომელთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნეს და გარდადრიკეს გზისაგან სიმართლისა...ნაშობნი ქრისტიანენი გარდაგულარძნეს,რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე-მზაკუარებით...გუემულნი და ქენჯნილნი, ძვირ-ძვირად ზღვეულნი,შიშით განილევიან და ირყევიან , ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“...

            ზემოთ თქმულიდან ჩანს, როგორი ყოფა ჰქონდათ ქართლში. ამ დროს კი გამოჩნდა არაბი აბო, როგორც ყვავილი, ადრეულ გაზაფხულზე თოვლისა და ყინვისაგან ნაიარევ დედამიწას რომ შეუკრავს ჭრილობას, სალბუნად რომ ეფინება.

Comments

Popular posts from this blog

ბედი ქართლისა (ანალიზი)

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)