გიორგი-ჩატეხილი ხიდი-დასაწყისი განთიადისა (ოთარაანთ ქვრივი)

 

გიორგი წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო, რომელზედაც ბევრ გასათხოვარ ქალს ეჭირა თვალი, მაგრამ იგი არავის აქცევდა ყურადღებას. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა. ,,კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა.“ თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო.

    გიორგი 21 წლისა იყო. დედას უდიდეს პატივს სცემდა, მუშაობაში მთელ სოფელში ტოლი არ ჰყავდა. იგი არ იყო მამასავით გულღია და მხიარული, ,, სულ პირდაღვრემილია და წარბშეკრული.“  დედის სიტყვას შვილის მიმართ ყოველთვის სხვა ფასი ჰქონდა. დედამ ისეთი ავტორიტეტი შეუქმნა თავის თავს შვილის წინაშე, რომ გიორგი ,,მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა.“ ქვრივი შვილს თავის დღეში არ გაუჯავრდებოდა, ავი სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა ხშირად კი დატუქსავდა ხოლმა. გიორგი ამ დროს დედას სიტყვას არ უბრუნებდა, რადგან იცოდა რომ აღმზრდელი ყოველთვის სამართლიანად აძლევდა  შენიშვნას. თავმოყვარე გიორგის მხოლოდ სამართლიანი დედის ავტორიტეტი ამუნჯებდა, მორჩილს ხდიდა. ,,მართალს შეჩვეულს, თავადაც მართალი უყვარდაო“_წერს ილია. მწერალი, როგორც დიდი პედაგოგი, ერთი წუთითაც არ ივიწყებს იმას, თუ რაოდენ ძლიერია დედის ჯანსაღი თვისებების, მისის მაღალზნეობრივი საქმიანობის გავლენა გიორგის პიროვნებაზე. ამიტომაც არის, რომ გიორგიმ არ იცის ღალატი, ტყუილი; მისთვის არ არის დამახასიათებელი უსამართლობა და ცბიერება, შურიანობა და მტრობა, ანგარება და ამორალურობა. პირიქით, თუ სადმე ასეთებს წააწყდებოდა, დაუყოვნებლივ აღუდგებოდა წინ და ყველას საკადრის პასუხს გასცემდა. ზოგჯერ ხელჩართული ბრძოლაც კი გაუმართავს ასეთ დროს და , როგორც არ უნდა დაზიანებულიყო, მაინც კმაყოფილებას გრძნობდა, რადგანაც სამართლიანობისა და პატიოსნების დაცვისთვის იბრძოდა. დედაც უწონებდა მას ასეთ საქციელს. სხვანაირად არც შეიძლებოდა,  როგორც მწერალი შენიშნავს, ,, ეს ხასიათი დასჩემდა გიორგისა, დედისავით, — თავისი იყო, თუ სხვისა, — თუ ცუდი რამ იყო, გამოეკიდებოდა.” ყოველივე ამის გამო კი გიიორგი ბევრს არ მოსწონდა, ისე როგორც ოთარაანთ ქვრივი. თუმცა თავისთვის თითქმის ყველა გრძნობდა, რომ უკადრისსა და ნაძრახ საქმეში არ გაერეოდა, განგებ იგი არავის უმტრობდა, არც ცილს დასწამებდა. ამის ნათელ დადასტურებას ისიც წარმოადგენს, რომ ომარაშვილის მოჯამაგირის საქმის გამო ერთ-ერთმა მოსამართლემ არ ჩათვალა აუცილებელ საჭიროებად, დაზარალებულს მოწმე ჰყოლოდა, რადგანაც, მისი აზრით, ოთარაანთ გორგის ნაათქვამს არავის დასტური არ სჭირდებოდა. მართლაც, გიორგის სიმართლემ და კაცურმა კაცობამ ისეთი დიდი გავლენა მაოხდინა სასამართლო პროცესზე, რომ შეურაცხყოფილმა ომარაშვილმა, ნაცვლად შურისძიებისა და დასჯისა, გიორგის საქციელი მოუწონა. გიორგი გაათავისუფლეს.

ზოგს მაინც ვერ აეხსნა გიორგის ასეთი ხასიათი და ამბობდა: ,, გ კაცი ან გიჟია, ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზედ. დედაც ხომ მაგისტანა გადარეული და დამთხვეული ჰყავს. მამაც კი მოუსვენარი კაცი იყო. ეგეები იმანაც იცოდა. აი, ამაზედ არის ნათქვამი: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მაგათში ან დიდი ცოდო ჰტრიალებს, ან დიდი მადლი.

მართლაც რომ დიდი მადლი და სხვა ნიშანწყალი არის აქ, რომელსაც კარგად ვერ მიმხვდარან და უკვირთ დედა-შვილის მაღალი ზნეობა, მათი ნათელი ინტელექტი. სისწორესა და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული სამართალი ამოუხსნელი რჩებათ თანასოფლელებს. მხოლოდ ცოდნითა და განათლებით შეიარაღებულმა არჩილმა მოახერხა ამ დაუწერელი წიგნის წაკითხვა და გაგება, მაშინ, როცა იგი წინ გადაუშალეს.

როგორც ნაწარმოებში ჩანს, გაუგებრობა, გაუცხოება და განსხვავებულობის შეგრძნება არა მარტო თავადსა და გლეხს შორის არსებობს, არამედ თვით გლეხთა შორისაც. მაგრამ, ცხადია, ამ დაცილების საფუძველი ორივე შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. თავადი გლეხს ვერ უგებს და არ ცნობს ადამიანად იმიტომ რომ მასში არ ხედავს თანასწორს, მსგავსს, მის სისხლსა და ხორცს. ხოლო ზოგიერთნი დედა-შვილის პიროვნებას იმიტომ ვერ ჩასწვდნენ, რომ ქვრივი და გიორგი გაცილებით უფრო რთული და მაღალი ადამიანური ღირებულებების მატარებელნი არიან. გაუგებარი გლეხობის ნაწილი, ილიას აზრით, ,, ჭუჭყია, ქაფია მდუღარე ცხოვრებისა, თავზედ მოგდებული. ძირში კი წმინდაა.“. აი, ამ წმინდა ნაწილის ამაღლებული შთამომავალია ოთარაანთ ქვრივი და გიორგი. ამ მასალიდან არიან ისინი დაწნული.

,,დედაშვილური სიყვარული  მძლეთა მძლეა“, აღნიშნავს ილია. სწორედ ამ უძლიერესმა გრძნობამ გატეხა ორივე. საიდუმლო გამჟღავნდა... როდესაც გიორგიმ დედას უთხრა, რომ მოჯამაგირედ სურდა დადგომა, ოთარაანთ ქვრივი სახტად დარჩა. ის ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ გიორგი ოჯახის შემარცხვენელ, მამისა და დედის სახელის შემბღალავ რაიმეს მოიმოქმედებდა. რა თქმა უნდა, გიორგიმ კარგად იცოდა, როგორ ატკენდა გულს მშობელს(ამიტომაც ვერაფაერს ეუბნებოდა დედას), მაგრამ სთხოვა განცვიფრებულ ოთარაანთ ქვრივს: ,, მეც შემიბრალე, ადამიანი ვარ.“

... და მოხვდა გიორგი არჩილისა და კესოს ოჯახში. ,, გიორგის ამბებიც არა-ერთხელ მისვლიათ და-ძმასა და არა-ერთხელ გაჰკვირვებიათ მისი ზნე და ხასიათი. ვერ გამოეცნოთ, — გლეხკაცობაში საიდამ და როგორ უნდა დაწნულიყო ამისთანა ზნე, ამისთანა ხასიათი.“ მართალია, არჩილს მოსწონს გიორგი და თვლის, რომ უკეთეს მოჯამაგირეს ვერსად იშოვის, მაგრამ ოთარაანთ ქვრივის ფაქტორი აფიქრებს და მისი თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერი შეუძლია. არჩილიცა და კესოც ფიქრობენ, რომ ქვრივი პატივსაცემი დედაკაცია და არ სურთ აწყენინონ.

თავადიშვილები არჩილი და კესო

გიორგი ჩვეული გულისხმიერებით შეუდგა არჩილთან სამსახურს. მწერალი მკითხველს აცნობს, გამოცდილებითა თუ ცხოვრებისეული პრაქტიკული ცოდნით, რამდენად მაღლა დგას იგი არჩილთან შედარებით. გიორგის სამეურნეო ცოდნითა და დაკვირვების უნარით მოხიბლული არჩილი დარწმუნდა იმაში, რომ ,, ქვეყანაზედ ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი“, რომელსაც ცოდნა სჭირდება.

გიორგის ჯანსაღი პრაქტიციზმით გამოწვეულმა უეცარმა წკიპურტმა არჩილი ბოლოს ასეთ დასკვნამდე მიიყვანა: ,, არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭ-ქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია. ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.“

წიგნი არჩილს დაეხმარა ,,დაუწერელი წიგნის“ შეცნობაში, ,,ტყაპუჭებქვეშ“ არსებული სიბრძნისა და ადამიანური კეთილშობილების აღმოჩენაში. საჯინიბოში გიორგის მიერ ატეხილმა ჩხუბმა ერთხელ კიდევ დაარწმუნა და-ძმა, თუ რა მაღალი სინდის-ნამუსის შვილი იყო ოთარაანთ ქვრივის შვილი. არჩილის შეხედულებით, ეს ისეთი დიდი ნამუსია ,, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას.“

არჩილმა კარგად შეამჩნია, რომ გიორგიმ ვერ აიტანა საქმისა და მოსაქმის ერთმანეთისაგან გაყრას და ამიტომ სცემა მეჯინიბეს. ეს კი, მისი აზრით, ,, დიდი ნიშანწყალია კაცობის“. გიორგის ხასიათით მოხიბლული არჩილი კესოს აუბნება: ,,მე მაგას შეგირდად მივებარები... ჩვენ რანი ვართ მაგასთან!“ და-ძმისთვის იგი ნამდვილი გამოცანაა, მაგრამ მაინც მასწავლებელი.

კესოსთან მარტოდ მოხვედრილ გიორგის ისეთ დაბნეულ მდგომარეობაში ვხედავთ, რომ ძნელი არაა მიხვედრა, თუ რა უბნელებს გონებას. მკითხველი გრძნობს, რომ მისი სულის ფორიაქის მიზეზი თურმე ეს ქალი ყოფილა, მაგრამ კესოს ასეთი რამ ფიქრადაც არ მოსვლია. მან მხოლოდ ასეთი კითხვა დასვა, როცა უგუნებო და ფერმიხდილი გიორგი დაინახა თავის გვერდით ,, გულის ჭიდილი მოუვიდა თუ რა ამბავია!“ ამით დაასრულა ყველაფერი. თითქოს დაუჯერებელია გიორგის ასეთი დაბნეულობა და დუმილი თავისი უსაყვარლესი არსების წინაშე, მაგრამ არა. აქ ყველაფერი საოცარი სიღრმით არის დანახული. ადამიანის სულის დიდმა მესაიდუმლე ილიამ ,,უკანასკნელ განდობაში“ აჰხადა ფარდა გიორგის სულის სიღრმეშო მიმდინარე ტრაგიზმს და მის გამომწვევ მიზეზებსაც, რითაც მწერალმა დაგვარწმუნა, რომ გიორგისთანა გულისთქმისა და მისი სოციალური წრიდან წარმოშობილი კაცი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში.

ჩატეხილი ხიდი და დასაწყისი განთიადისა

,,ჩატეხილი ხიდი“ და ,,დასაწყისი განთიადისა“ ორგანული ნაწილია მოთხრობისა. მწერალს სურს გვიჩვენოს, მოხდა თუ არა რაიმე ძირეული ფსიქოლოგიური გარდატეხა მაღალი წოდების წიაღში, შეიძლება თუ არა მათზე დაყრდნობა, რით წავიდნენ ლუარსაბსა და დათიკოზე წინ არჩილი და კესო.

ილიას თავიდანვე იტაცებდა ბაირონისეული, ცხოვრების უკუღმართობის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნებები, რომელთაც ,,ხელთ მეხი უპყრიათ და პირიდან ცეცხლი სცვივათ.“ სწორედ ასეთი ბუნებისანი არიან ოთარაანთ ქვრივი და გიორგი. ვიცით, რომ ამ ადამიანებს ფორმალური სწავლა-განათლება აკლიათ,  განათლების  დიდი ფასი კი მწერალმა არჩილის პიროვნებით გვამცნო, თუმცა ისიც დასძინა, რომ მარტო წიგნი ვერ უშველის ამ წოდებას. მათ აკლიათ ის, რაც ქრივსა და გიორგის უხვად აქვთ, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეავსებს მხოლოდ წიგნის სიყვარული.

კესო და არჩილი არიან იდეალურნი, მაგრამ არც მთლად ცხოვრებისეულ გმირებად გვეჩვენება ისინი. მათ ბევრი ნაკლი აქვთ, მაგრამ მათი ღირსება, როგორც ადამიანებისა, პირველ რიგში, იმაშია, რომ არჩილი ( და ზოგჯერ კესოც) თავდ გრძნობს და ხედავს როგორც საკუთარ, ისე მაღალი წოდების ნაკლს და დასაც არწმუნებს ყოველივე ამაში. აი, ეს მხილება საკუთარი თავისა და წოდებისა, სწორი თვალსაზრისი გლეხობაზე, სხვადასხვა საკითხებისა და სიახლეებისადმი ინტერესი მოსწონს ილიას მასში და სწორედ იგი მიაჩნია საწინდრად ,,განთიადისა“. ამაში ხედავს მწერალი და-ძმის წინსვლას ლუარსაბსა და დათიკოსთან შედარებით, მაგრამ მთავარ იმედებს მაინც დაბალ წოდებაზე, ოთარაანთ ქვრივსა და გიორგიზე ამყარებს. ერის, ცხოვრების შემოქმედი, ჯანსაღი ნაწილი ესენია: ,, ცხოვრება მაინც იმათშია: იქა ჰდუღს ძარღვებში მოარული სისხლი, იქა სცემს თითონ სიცოცხლის ძარღვიცა.“ მაღალჰუმანური, საკაცობრიო ნიშნებიც კარგად მოიპოვება ამ დიდებულ წიგნში, რომელიც ,,ხიდგაღმაა დაწერილი.“

დედა-შვილის მდიდარი სულიერი სამყარო და ნაყოფიერი პრაქტიკული საქმიანობა არის გაუბზარავი და ულაქო სარკე, რომელში ყოველთვის უნდა ჩაიხედოს ადამიანმა და მოიცილოს, თუ რამ ურიგობა აცხია სახეზე. აი, ამ კრიალა ცხოვრებისეულ სარკეში ჩაიხედეს სწორედ არჩილმა და კესომ და შეიცნეს თავიანთი თავი. საფიქრებელა, რომ წიგნზე უფრო ეს სარკე გამოადგათ მათ. რა ვუყოთ, თუ ეს შეცნობა და თვალის ახელა კესოს ცრემლების ფასად დაჯდა!..როგორც იქნა და-ძმამ გაუძლო ,,თვალის ახილების ტკივილს“ და ,,ცრემლიანმა ცოდნამ თუ ცოდნიანმა ცრემლმა“ ძველი დაამხო, დაწვა და მოსპო, ხოლო წინ ნამი დააფრქვია, აამწვანა, დასაბამი მისცა განთიადს.

ხიდი რომ ჩატეხილია წოდებათა შორის, ეს ადრეც ცხადჰყო ილიამ. მწერლის სურვილია ამ ხიდის აღდგენა, მე-19 საუკენეში ორად გაყოფილი ადამიანური სხეულის კვლავ შეერთება. სწორედ ამიტომაა, რომ ნაწარმოებში არსად არის ნაჩვენები გამწვავებული კლასობრივი კონფლიქტის კვალიც კი. არსად იგრძნობა, რომ თავადსა და გლეხს შორის რაიმე ეკომომიკურ ნიადაგზეა ბრძოლა. მათ შორის განსხვავებულობა, წინააღმდეგობა ზნეობრივ სფეროშია გადატანილი.

არჩილმა და კესომ თუ დედა-შვილის მრავალფეროვანი სკოლა არ გაიარეს, წყალმანკით დასნეულებულ სულსა და სხეულს ვერ განიკურნავენ, ისინი განწირულნი არიან დასაღუპად.

ნაწარმოებში ნაჩვენებია, რომ მაღალ წოდებას არავითარი სულიერ-ხორციელი ნათესაობა არ გააჩნია იმასთან, ვინც არსებითად ქმნის და შინაარსს აძლევს ცხოვრებას. ეს გლეხკაცობაა. ამ ორ წოდებას შორის კი ხიდია ჩატეხილი, რომლის გამრთელება მწერალს შესაძლებლად მიაჩნია მომავალში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აბაშიძე . ეტიუდები, თბ.1970 წ.
  2. ბაქრაძე . ილია და აკაკი, თბ. 1993 წ.
  3. კოტეტიშვილი . მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ. 1959 წ.
  4. ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად,  თბ. 2014 წ.

Comments

Popular posts from this blog

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ბედი ქართლისა (ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)