ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლირიკა

 


კაცობრობის ისტორია იცნობს შემთხვევებს, როცა ჟამთა სიავით დათრგიუნვლი ეს თუ ის ერი, უაღრესი ძნელბედობისას, თითქოს საგანგებოდ, დიად, ზეგარდმო მადლით ცხებულ პიროვნებას წარმოშობს, ვინც მხსნელად მოევლინება მშობელ ხალხს, მის წინამძღოლობას იტვირთავს, გამარჯვების რწმენას შთაბერავს და თან გაიყოლებს უკეთესი მერმისისთვის ბრძოლაში. ეს რჩეული პიროვნებები თავიანთი ხალხის ცხოვრებაში ახალი ეპოქის მაუწყებლად გვევლინებიან და მადლიერი შთამომავლობა უკვდავების შარავანდედით მოსავს მათ ხსოვნას. ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთი რჩეული პიროვნებაა ქართველი ერის ისტორიაში.

როცა ილია ჭავჭავაძის ლირიკას თავიდან ბოლომდე გადაავლებ თვალს, პირველი შეხედვით მოულოდნელი სურათი დაიხატება. მისი ჭაბუკობისდროინდელი ლექსები სავსეა უიმედო, სასოწარკვეთილი, სევდიანი განწყობილებით. შემდეგ ეს იცვლება სატირული, მამხილებელი, მოურიდებელი დამოკიდებულებით და ბოლოს მთავრდება დინჯი, დაჯერებული, მტკიცე რწმენით.

აზრისა და საქმის ერთიანობის პრობლემა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ილიას შემოქმედებისა. ამიტომ არ მიაჩნდა მას მიზანშეწონილად მწერლისა და მოქალაქის გაყოფა:

,,მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.“

            როგორც ვხედავთ, პოეზია არ არსებობს ორი საწყისის გარეშე _ ზეციერისა და მიწიერის, ღვთაებრივისა და ადამიანურის. პოეტის უპირველესი დანიშნულება ერის სამსახურია. იგი ერის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, მის გვერდით იყოს, მისი ტკივილი ტკიოდეს. ამიტომაც ილია, რომელიც ,,მამულის სიტყვას ყურს უგდებდა არა მარტო ყურითა, გულითაც“, აცხადებს:

,,ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...“

მამულთან იმთავითვე სისხლხორცეულად დაკავშირებული ილია ჭავჭავაძე მტკივნეულად განიცდის სამშობლოსთან განშორებას. აკი წერდა:,,...მეძნელება დატოვება ამ ჩვენ ყვარლისა, ნამეტნავათ ამ ჩვენი სახლისა, სადაცყოველი ნაწილი ალაგისა მომაგონებს ხოლმე ჩემს დაუდევნელ ყმაწვილობის დროს, სადაც ყოველი ხე არის ძვირფასი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებებითა...“ და იწერება გულის გულიდან წამოსული სიტყვები, საოცრად ფაქიზი, ნაზი, გამჭვირვალე:

,, სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,

მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:

თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,

თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!“

ილია ესათუთება ყველაფერ მშობლიურს, რომელთანაც განშორება უდიდესი სასჯელია მისთვის. თვალცრემლიანი ეთხოვება სამშობლოს. ერთი იმედიღა ასულდგმულებს:

                        ,, უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;

კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,

და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.“

წუთისოფლის სამსახური ათმობინებს სამშობლოს, ავალებს წავიდეს უცხოეთში გონების გასავითარებლად. სამშობლო არის სტიმული მისი მოქმედებისა და ახალგაზრდობაშივე შეჰფიცა თავის ქვეყანას, რომ მთელი თავისი არსებით შეასრულებდა ერის შვილისა და მოქალაქის მოვალეობას. ილია ჭავჭავაძის მჭელი მოღვაწეობა იყო სამშობლოსათვის მიცემული წმინდა ფიცის განხორციელება.

,,ადამიანი, _ ამბობდა ილია,_ თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის, რომ პური სჭამოს, პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცურად აცხოვროს თავისი შტამომავალი.“ ამიტომაც ერი მოვლეა განიწმინდოს მანკიერებისაგან. ეს რომ მოხდეს, მან ყველაფერი უნდა იცოდეს თავის თავის შესახებ. ერის სამსახურში ჩამდგარი კაცი პირუთვნელად უნდა ამბობდეს სიმართლეს, რაგინდ მძიმეც უნდა იყოს ამ ტვირთის ტარება. ილიას ცხოვრებისა და საქმიანობის აზრი და მიზანი კი საქართველოს ბედის ძებნა იყო.

,, აგვიყოლია სიყრმიდანვე  ჩვენ ქართვლის ბედმა სიყრმე  - ყმაწვილობა, ბავშვობა.

და დაე გვძრახონ,  - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.“

საქართველოს ბედის მძებნელის დიდი მისია რომ შეესრულებინა, ილიას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ჩვენი ხალხის წარსული და აწმყო, ხასიათი და თვისება, ზნე და ჩვეულება... ფანატიკოსის სიყვარულით და დაუნდობლობით უნდა გაესინჯა, გაეჩხრიკა, აეწონ-დაეწონა ყოველივე. ასეც მოიქცა. არ დაუტოვებია კუნჭულიც კი შეუმოწმებელი. შეისწავლა და დასვა თავზარდამცემი დიაგნოზი, ირონიული სიტყვებით: ,,ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“

ილიამ ყველაფერი ალალად და გულწრფელად უთხრა ქვეყანას. სხვნაირად არც შეიძლებოდა, რადგან ,,მოყვარეს პირში უნდა უთხრა სათქმელი, მტერს _ პირს უკან,“ რადგან ყოველგვარი პირმოთნეობა და ცრუ ხოტბა-დიდება ღალატს უდრიდა. ლექსში ,,ბედნიერი ერი“ აშკარად ვგრძნობთ ჭირისუფლის უკურნებელ სევდას. უარყოფითის ჩვენება სამშობლოს დიდი სიყვარულით იყო ნაკარნახევი მხოლოდ. ამიტომაცაა ნათელი ილიას სიტყვები:

,, ჩემზედ ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია,

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!“

ვკითხულობთ ,,ბენიერი ერის“ სტრიქონებს და ვგრძნობთ, რომ თითოეული სიტყვა დაწერილია სისხლით, თითოეულ ფრაზას ,,დავით აღმაშენებლის მოქნეული ხმლის ძალა აქვს.“

ილია ჭავჭავაძეს სრულქმნილი ადამიანის ერთ-ერთ ღირსებად სულგრძელობა მიაჩნია, რაც უდიდესი მადლია. კაცთმოყვარეობისა და დიდსულოვნების მიზანი ისაა, რომ უგულოს გული ჩაუდგა, უსულოს _ სული, გააღვიძო მასში მიძინებული კაცობა, აპოვნინო დაკარგული სინდის-ნამუსი, გაანათლო მადლის მირონითა და აზიარო კაცთმოყვარეობის ნექტრით. ილიამ იმთავითვე იცოდა სულგრძელებისა და მოთმინების მაგიური ძალა, წინასწარმეტყველივით გრძნობდა თითქოს საკუთარ აღსასრულს და წინდაწინვე მიუტევა შურით გონებადაბინდულ ადამიანებს:

                        ...,, მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

            პოეტს გულს უკლავდა, რომ მისი ქვეყნის ბედკრული, უსუსური შვლები სიყვარულის ნაცვლად ერთმანეთის წყევლა-კრულვას არ წყვეტდნენ, რომ მათ შორის ცოდვას მადლი დაუძლევია, რომ მართალი და წრფელი გული ჩაქრობიათ...ამიტომაც წერს:

,,კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,

ლამაზად მორთულ და მოკაზმული;

მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ,

იმდენად უფრო მიკვდება გული.“

            ილია ზრუნავდა თავისი ქვეყნისა და ერის მომავლისთვის, დაკარგული ძალის აღდგენისთვის. ძმობა, ერთობა, თავისუფლება უნდა ყოფილიყო მომავალი ქართველის შეგნების საფუძველი. ამ საფუძველის შექმნა კი ქართველის დედას ეკისრებოდა. დედას სულით ძლიერი შვილი უნდა აღეზარდა, მისი გული სიკეთის ქმნისაკენ უნდა მიემართა, მამულისათვის მებრძოლად უნდა აღეზარდა და მაშინ ქართვლის დედა მიიღებდა ნაყოფს, მიიღებდა კაცურ-კაცურს, მოქალაქეს, მზრუნველს, ერისათვის გულატკივებულს. გულიდანაა წამოსული პოეტის ვედრება დედისადმი:

                                    ,, დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.“

            აწმყოს გარდაქმნასა და მომავლის მომზადებას შეეწირა ილიას სიცოცხლე, მაგრამ, როცა იგი წიწამურის ველზე განგმირული დაეცა, მისი ცხოვრების ძირითადი კითხვის _ ,,მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?“ _ პასუხი მიღებული არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იმედისა და სასოების სხივები იღვრებოდა მისი ლექსებიდან. დიახ, პოეტმა მომავლის რწმენა რომ ჩაუნერგოს თვისტომთ, ამისთვის უყვირის, ეძახის, აღანთებს, ანუგეშებს, მოუწოდებს:

                                    ,,წარვლენ ეს წელნი ძილის ჟამისა

                                    და გაბრწყინდება მზე მომავლისა.“

...დიდი ადამიანები ბავშვობიდანვე იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში და ზოგჯერ ასე გვგონია, თითქოს მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ, მათ გარეშე ყოფა ვერ წარმოგვიდგენია, ისინი რომ არა, თითქოს ყველაფერი აზრს დაკარგავდა... ამგავრია ქართველი კაცის ცხოვრებაში ილია ჭავჭავაძე...,,დიდბუნებოვანი კაცი იმითაც არის შესამჩნევი, რომ რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო, ლამაზი სანახავია...“- ეს თვით ილას სიტყვებია და საოცრად მიესადაგება მისსავე მთქმელს.

ილიას სული წმინდა ჰქონდა და გული წრფელი. იგი ჩვენს მიწაზე მოვლენილ იქნა ქართველთა სადიდებლად, ჩვენს სანუგეშოდ, მამულის სასარგებლოდ, სალხინოდ, ჭკუის დამრიგებლად, მოძღვრად.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აბაშიძე . ეტიუდები, თბ.1970 წ.
  2. ბაქრაძე . ილია და აკაკი, თბ. 1993 წ.
  3. კოტეტიშვილი . მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ. 1959 წ.
  4. ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად,  თბ. 2014 წ.


Comments

Popular posts from this blog

ბედი ქართლისა (ანალიზი)

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)