მგზავრის წერილები (ანალიზი)
კაცობრობის ისტორია იცნობს შემთხვევებს,
როცა ჟამთა სიავით დათრგუნვლი ეს თუ ის ერი, უაღრესი ძნელბედობისას, თითქოს საგანგებოდ,
დიად, ზეგარდმო მადლით ცხებულ პიროვნებას წარმოშობს, ვინც მხსნელად მოევლინება მშობელ
ხალხს, მის წინამძღოლობას იტვირთავს, გამარჯვების რწმენას შთაბერავს და თან გაიყოლებს
უკეთესი მერმისისთვის ბრძოლაში. ეს რჩეული პიროვნებები თავიანთი ხალხის ცხოვრებაში
ახალი ეპოქის მაუწყებლად გვევლინებიან და მადლიერი შთამომავლობა უკვდავების შარავანდედით
მოსავს მათ ხსოვნას. ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთი რჩეული პიროვნებაა ქართველი ერის
ისტორიაში.
...
ოთხი
წლის დაუღალავი შრომა, მეცადინეობა, გულისა და გონების გამოცდა, ფიქრი და ოცნება ჯერ
კიდევ არ ნიშნავდა ყველაფერს. საჭირო იყო ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება, მოსალოდნელ
და მოულოდნელ პერიპეტიათა ნათლად წარმოდგენა. და აი, ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან
შინ, საქართველოში ბრუნდება. იგი მამულის სამსახურად ემზადება და გულალალად ეკითხება
საკუთარ თავს: ,, როგორ შევეყრები
მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?..რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და
რას მეტყვის იგი მე?..შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი
მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო,
მუშაკს შრომა გავუადვილო?..“
ეს
,,შევძლებ კი?“, პირველყოვლისა, საქმეს ნიშნავდა, პრაქტიკულ საქმეს და არა მარტო სურვილს.
სამშობლოს ბედნიერებისთვის გულანთებული პოეტი აშკარად გრძნობს, რომ მშობელი ქვეყანა
მიიღებს, შეითვისებს, რომ ისინი ერთმანეთს გაუგებენ, რადგან ,,მამულის სიტყვას მამულიშვილი
ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაც.“ ილია კი ჭეშმარიტი მამულიშვილი გახლდათ.
ილია
ჭავჭავაძე შეუდარებელი ოსტატობით ხატავს ცადატყორცნილ, მიუკარებელ მყინვარსა და მუდამ
დაუდეგარ, მღელვარე თერგს. სწორეს ამ ბრწყინვალე მეტაფორებსა და შედარებებში გამოსახა
ილიამ თავისი ყველაზე სანუკვარ იდეათა ჯაჭვი:
,, მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და
მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი...რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის
ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს.
ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია.
არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა.
დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი,
მღვრიე თერგი...მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი.
თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა...იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის
ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა... მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის
ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!..“ _ არსებითად ეს იყო ქვაკუთხედი მთელი იმ მოქმედების
ფილოსოფიისა, რომელიც მწერალმა გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიმუშავა.
იმდროინდელი,
თითქმის მიძინებული, სასომიხდილი ცხოვრების ასპარეზზე თარგდალეულთა გამოსვლა, მოძრაობისა
და მოქმედების ფილოსოფიით, მოასწავებდა ჭექა-ქუხილის დაწყებას, ისეთი ძალის გრგვინვას,
რომელსაც შეეძლო არა მარტო გამოეღვიძებინა საღათას ძილისთვის თავმიცემული ქვეყანა,
არამედ, ბრძოლის სურვილით აღენთო ცოცხლად დარჩენილი ძალები, შთაენერგა მათთვის უკუნეთიდან
დღის სინათლეზე გამოსვლის რწმენა და ახალი ცხოვრების იმედი. მყინვარისა და თერგის სიმბოლური
პარალელი მეტ ძალას იძენდა, როცა იგი ძლიერდებოდა დღისა და ღამის ღრმად გააზრებულ მეტაფორათა
შეპირისპირებით.
ბუნების
ჩვეულებრივი მოვლენა_ღამე, ისევე როგორც _დღე, გააზრებულია მოქმედებისა და უმოქმედობის
ფილოსოფიურ ასპექტში, რასაც თან ერთვის ოპტიმიზმით გამსჭვალული ხვალინდელი დღის რწმენა,
იმედი იმისა, რომ ღამეს აუცილებლად დღე შეცვლის, ხოლო დღე ადამიანური ცხოვრების ნათელი
სარბიელია.
კვლავ
გათენების იმედი იყო თერგდალეულთა სამოქმედო დედაძარღვი. ყველაფერი ადამიანისთვის,
მისი ბედნიერებისთვის უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან უადამიანოდ ქვეყანასაც არავითარი აზრი
არ ექნება. დღე და ღამე სიმბოლურად განასახიერებენ ადამიანური ცხოვრების კეთილსა და
ბოროტ საწყისებს. ამიტომაც ხმამაღლა აცხადებს ილია: ,, არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი
ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა,
წვალიბითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა!.. ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე!..ჰოი,
ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..“’
ეს
არ იყო მარტოოდენ ნათელი დღის ღაღადისი, სიბნელისა და უმეცრების, ბოროტებისა და უბედურების
დათრგუნვის მძაფრი სურვილი, ეს იყო ადამიანობის, ,,გაღვიძებული ადამიანის“ განდიდების
ჰიმნი. სიმღერა ადამიანისა, რომელიც შრომობს, იბრძვის, ქვეყნის ჭირ-ვარამზე გული შესტკივა,
საზოგადოებრივს პირადულზე მაღლა რომ აყენებს. ასეთ ადამიანებს მოუხმობს ილია ქვეყნის
სამსახურში ჩასადგომად.
სამშობლო
,,ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებული“ ადამიანები ილია ჭავჭავაძემ ხალხის წიაღში დაინახა;
მიაგნო მათ აზრს, წადილს, ჩასწვდა სულის სიღრმეში და ერთი მათგანი, მოხევე ლელთ ღუნია,
წარმოგვიდგინა, როგორც თვით ხალხის სახე, მისი სანუკვარი იმედების ცოცხალი განსახირება.
სტეფანწმინდიდან
ცხენებზე შემსხდარი ლელთ ღუნია და ,,მგზავრის წერილების“ ავტორი საუბარს იწყებენ საქართველოს
ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ფონზე და მკითხველის
გონებაში ერთბაშად ცოცხლდება ბუნების გრანდიოზულ სურათთან ერათად, ხალხის იმდროინდელი
განწყობილება. მოხევე ლელთ ღუნია ავტორმა ისე კოლორიტულად დახატა, იმდენი სითბო, უშუალობა,
იმდენი სიდარბაისლე, გონებამახვილობა, რაღაც შეუვალი გამძლეობა და შინაგანი ძლიერება
მისცა, რომ მისი სახით ჩვენს წინაშე წარმოსდგა მთელი ხალხი. მოხევეს წარსულის კარგი
ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი და ამიტომაც უკეთესად ხედავს თავისი დროის მახინჯ მოვლენებს.
ხედავს და გული სტივა. ეტყობა, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ძალიან ბევრი უფიქრია,
ბევრი განუცდია; ამიტომ პასუხში დინჯი და აუჩქარებელია, თითქოს ერთხელ კიდევ ამოწმებდეს
ათასჯერ ნაფიქრსა და ნააზრევს. მაგრამ პასუხებში ლელთ ღუნია გაუტეხელა. შეუძლებელია
იგი გადააჯეროთ იმაში, რაც შეუთვისებია, შეუგნია, რწმენად გაუხდია, სულსა და გონებაში
აქვს გამჯდარი: ,, ადრიდა ავად თუ
კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის,
გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს
ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით...წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა
წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა?
ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ,
სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..“
ეს
იყო არამარტო მოხევე ლელთ ღუნიას შინაგანი მოწოდების ხმა, არამედ ერის აბსოლიტური უმრავლესობის
ფიქრი და აზრი, იმის განსჯა, რასაც ერის თავისუფლება ეწოდება.
ლელთ
ღუნიამ მიახვედრა მგზავრის წერილების ავტორი იმ გულისტივილს, რაც იმდროინდელი მოწინავე
საზოგადოების ზრუნვის საგნად ქცეულიყო. მოხევის სინანულსა და წუხილს შეუძრავს მწერალი:
,, გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა
ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს
ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო,
მომეც ამისი პასუხი!..“
ამ
პასუხს მთელი ეპოქაც არ ეყო, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისთანავე ილია ჭავჭავაძემ არაჩვეულებრივი
ნაყოფიერებითა და შეუპოვრობით დაიწყო ბრძოლა აღთქმული იდეების განხორციელებისათვის.
დიდი
ადამიანები ისე ცხოვრობენ, რომ მათი ცხოვრება გაკვეთილად გამოადგეს ხალხს... ალბათ,
ამიტომაც ეთქმით ,,დიდნი“... ამგვარია ილია ჭავჭავაძე. ,,დიდბუნებოვანი კაცი იმითაც
არის შესამჩნევი, რომ რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო, ლამაზი სანახავია...“- ეს თვით
ილას სიტყვებია და საოცრად მიესადაგება მისსავე მთქმელს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- აბაშიძე კ. ეტიუდები, თბ.1970 წ.
- ბაქრაძე ა. ილია და აკაკი, თბ. 1993 წ.
- კოტეტიშვილი ვ. მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ. 1959 წ.
- ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად, თბ. 2014 წ.
კარგია
ReplyDelete