ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - I ვარიანტი-2012წ.)
ავთანდილი ნამდვილი ვაჟკაცია. იგი შემკობილია ყველა იმ თვისებით, რომლებიც მამაცი ადამიანისთვის არის დამახასითებელი. მისი აზრით, ერთ-ერთი პირველი, რისი დამარცხებაც უნდა შეძლოს ღირსეულმა პიროვნებამ არის შიში. ჯაბანი კაცი ხომ ვერაფრით სჯობია ,,ქსლის მბეჭველ“ დიაცს. გულოვანი ადამიანისათვის ცხოვრების დევიზი უნდა იყოს: ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ ან კიდევ ,, სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.
არაბთა სპასპეტის მოსაზრების თანახმად, ვაჟკაცმა უნდა იცოდეს ყოველი წუთის ფასი, რადგან იგი სიკვდილს ,,მოელის წამისად“, სიკვდილს, რომელიც ,,ათანასწორებს“ მოყმესა და მხცოვანს, სუსტსა და ძალ-გულოვანს.
მეფისადმი მიწერილ წერილში ავთანდილი მსჯელობს ადამიანის დანიშნულების შესახებ. თვლის, რომ ცხოვრებას ამაოდ ჩაუვლია მათთვის, ვინც სულზე არ იზრუნა. თავად, ამ მხრივ, ცდას არ აკლებს. ანდერძად იბარებს, თავისი ურიცხვი ქონება უკლებლივ დაურიგონ გლახაკთ, რათა მათ ლოცვაში მოიხსენიონ, შეეწიონ მის სულს. მადლიერთა გულმხურვალე ვედრებას უფალი შეისმენს, ,,დახსნის ბნელსა“ და ზეციური ნათლით შეიმოსება თავად.
ავტორის მთავარი სათქმელი გადმოცემულია შესანიშნავი მეტაფორებითა და შედარებებით. შოთა რუსთაველი ხაზს უსვამს წუთისოფლის ამაოებას და ამქვეყნიურ სიამეთ მღილს უწოდებს, ხოლო სასუფეველს _ სასურველ მამულს. სამოთხის მკვიდობის ღირსთ კი ფრთაშესხმულ ანგელოზებს ადარებს. პოეტის აზრით, ღირსეულად ცხოვრება, ხორცის ჩაყენება სულის სამსახურში ადამიანის დანიშნულებაა, რადგან როცა ,, მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად“ პიროვნება პირნათელი წარსდგეს მის წინაშე.
Comments
Post a Comment