შუშანიკის წამება -II თავი (თან ერთვის მოცემული ეპიზოდის ანალიზის ნიმუში)

 

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი იაკობ ხუცესის ნაწარმოებიდან ,,შუშანიკის წამება“:

და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი, ვითარ[მ]ცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ.

და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა. ხოლო სანატრელმან შუშანიკ ვითარცა წინ[აჲსწ]არმეტყველმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლოკაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“.

ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.

და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთის მოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანამიიყვანნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა დაიტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუქრისტჱსა“.

და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირჱ პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

  • იმსჯელეთ შუშანიკის მხატვრული სახის შესახებ;
  • იმსჯელეთ ვარსქენის მხატვრული სახის შესახებ;
  • იმსჯელეთ ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებების შესახებ;
  • იმსჯელეთ რისი თქმა სურს მოცემულ მონაკვეთში ავტორს.

სიტყვის სალარო

იჯმნა  - წავიდა, მოშორდა; მოიწია - მოვიდა; ზრახვა-ყო - განიზრახა; რაჲთა აუწყოს - რომ გააგებინოს; წინამიეგებნენ - შეეგებონ, შეხვდნენ; აზნაური - დიდი ფეოდალი; ძე - ვაჟიშვილი; ვითარცა - როგორც, როცა; სოფლად შევიდეს - ქვეყნად შევიდეს, დაბრუნდეს ქვეყანაში; წარმოჰმართა - გამოგზავნა; სადიასპანო - საელჩო

ვითარცა მოიწია - როცა მოვიდა; კითხვაჲ ჰრქუა - მოიკითა, მიესალმა; უკუეთუ - თუ; ცხოველი - ცოცხალი; ცოცხალმცა ხართ - ცოცხალი იყავით, იცოცხლეთ; მოკითხვაჲ - სალამი; შენდავე მოიქეცინ - შენვე დაგიბრუნდეს; ვერ იკადრა სიტყუად მისა - ვერ გაბედა მისთვის თქმა; აფუცებდა - აფიცებდა; ჰკითხავდა - ეკითხებოდა; ჰრქუა - უთხრა; ვითარმედ - რომ;უვარ-ყო - უარყო

ვითარცა - როგორც, როცა; ქუეყანა - მიწა; დამართ - დაბლა; იტყოდა - ამბობდა; ატროშანი - აქ: ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა; შეერთო - შეუერთდა

დაუტევა - დატოვა; ტაძარი - სასახლე; ეკლესიად შევიდა - ეკლესიაში შევიდა; თანამიიყვანა - მიიყვანა; წარადგინნა იგინი - დააყენა ისინი; საკურთხეველი - სამსხვერპლო; ეკლესიის ნაწილი; ესრეთ ილოცვიდა - ასე ლოცულობდა; შენ დაიცვენ ესენი - დაიცავი ესენი; განათლებული - მონათლული; ემბაზი - ადგილი, სადაც ნათლავენ, ჭურჭელი, რაშიც ნათლავენ; ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა - რომ იქნენ ერთი მწყემსის (ქრისტეს) სამწყსო (მრევლი); რომ ქრისტეს მტკიცე მორწმუნეები იქნენ

 ვითარცა - როგორც, როცა; მწუხრისა ჟამი - საღამოს ლოცვა; აღასრულეს - დაამთავრეს; მუნ შინა - მასში; სიმწარითა სავსე - დარდით სავსე, დამწუხრებული; მიეყრდნა ყურესა ერთსა - კუთხეში დადგა, ერთ კუთხეს მიეყრდნო


 ნიმუში

სპარსეთიდან დაბრუნებული ამპარტავნებით შეპყრობილი პიტიახში ჰერეთში ჩავიდა თუ არა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. დაბა ცურტავში ,,სადიასპანოითა ცხენითა“ გაგზავნა მსახური,რომელსაც აზნაურებისა და მსახურებისათვის უნდა ეუწყებინა რომ ვარსქენს შეგებებოდნენ. ცბიერ პიტიახშს სურდა ცურტავში ,,ვითარცა ერთგული“ შესულიყო.

მონაკვეთის მიხედვით, ჩანს, მსახური პირველად დედოფალს ეახლა. შუშანიკი გამჭრიახი, პირდაპირი პიროვნებაა, ,,ვითარცა წინაჲსწარმეტყველმან“ ჰკითხა კიდეც მოსულს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. შიკრიკს მოერიდა სიმართლე ეთქვა დედოფლისათვის, რადგან ხვდებოდა, მას გულს ატკენდა, სწორედ ამოტომ დიდხანს დუმდა. შუშანიკი ჩვეული პრიციპულობით სთხოვდა მას სიმართლე ეთქვა. და აი, გაისმა გულისგამგმირავი სიტყვები: ,,ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“. ამის გამგონე დედოფალი მწუხარებამ მოიცვა. გულნატკენი თავზარდაცემული მიწაზე დავარდა, მწარედ ტიროდა და ,,თავსა დამართ სცემდა.“

შუშანიკი გონიერი ქალია, აცნობიერებს ამ ყოველივეს შედეგებს და იბრალებს მეუღლეს, მის სულს, რადგან ,,უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი“ და ,,შეერთო უღმრთოთა.“

დედოფალს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სიმტკიცე და გამბედაობა ჰმართებს. ასეც მოიქცა, სასახლე დატოვა და ეკლესიას მიაშურა. მზრუნველი დედს გულს, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია შვილები. თან წაიყვანა ისინი და უფალს შეავედრა: ,, „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი.“

უსაზღვრო იყო შუშანიკის მწუხარება. მისმა მეუღლემ, ქართლის მცხოვრებთა წინამძღოლმა, უღალატა რჯულს, სამშობლოს, ოჯახს. იმედგაცრუებულმა, გულმოკლულმა დედოფალი ტაძართან ახლოს ერთ პატარა სახლში დაბინავდა და ,,მწარითა ცრემლითა“ ატირდა.

მოცემულ მონაკვეთში ავტორი შესანიშნავად ხატავს ვარსქენ პიტიახშის ამპარტავნულ ხასიათს და მას არა ერთგულს, არამედ ,,ვითარცა ერთგულსა“ და უბადრუკს უწოდებს. ხოლო დედოფალი შუშანიკის გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის ხაზგასასმელად იყენებს შედარებას ,,შუშანიკ ვითრცა წინაჲსწარმეტყველმან“. იაკობ ხუცესი თანაუგრძნობს და იაზრებს დედოფლის სიდიადეს, ამიტომაც მოიხსენიებს მას ეპითეტით     ,,სანატრელი“. ასევე, ხაზს უსვამს მის სულიერ მდგომარეობას, უწოდებს რა მას ღვთისმოშიშს.

შუშანიკის წამების ამ ეპიზოდში ჩანს რას შეიძლება მოველოდეთ ვარსქენისაგან და რა შეიძლება მოიმოქმედოს დედოფალმა. ამის მიხედვით კი, რა გამოწვევის წინაში შეიძლება დადგეს არა მხოლოდ შუშანიკი, შვილები, არამედ სრულიად ქართლი. ავტორი ცალკეულ დეტალებზე ხაზგასმით ამაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის.

Comments

Popular posts from this blog

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ბედი ქართლისა (ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)