შუშანიკის წამება - VII თავი ( თან ერთვის მოცემული ეპიზოდის ანალიზის ნიმუში)



ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი იაკობ ხუცესის ნაწარმოებიდან ,,შუშანიკის წამება“:

ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე“. და მე ვრქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!“. მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღა-მე-თუ განიკურნო!“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს ცოდვათა .

ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად.

მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების“. ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“. და მე ვარქუ, ვითარმედ „რაჲ გინებს?“. და მან მრქუა: „უწესს პიტიახში“. და მე დამიკჳრდა, თუ „რაჲსამე მიწესს ამას ჟამსა“. და მივისწრაფე და მივედ. და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა. და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო, ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, - იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ არს“. ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს“.

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

  • იმსჯელეთ იაკობ ხუცესის მხატვრული სახის შესახებ;
  • იმსჯელეთ ვარსქენის მხატვრული სახის შესახებ;
  • იმსჯელეთ ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებების შესახებ;
  • იმსჯელეთ რისი თქმა სურს მოცემულ მონაკვეთში ავტორს. 

                                                           სიტყვის სალარო

შემიტევე - შემიშვი; უუკუე ცნას - რომ გაიგოს; თუცა - თუნდაც; მისთჳს - მის გამო; ხატი - სახე; დაბძარული - დახეთქილი; აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე - ხმამაღლა ვტიროდი; დასაბამი - დასაწყისი; შთახუეულ - ჩაყრილი; სალბუნი - მალამო; ჰე, ღა-მე-თუ - ეგებ; რამეთუ - რომ, რადგანაც

მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი - ვაიძულე მცირეოდენი ეჭამა; მოეძღუანა - გამოეგზავნა; იღუწიდეს - ზრუნავდნენ; ხუცეს - მღვდელო (წოდებით ბრუნვა); ძალ-მიც - შემიძლია; გემოჲს-ხილვად - აქ: ჭამა; შთამუსრვილი - ჩამტვრეული; ვისწრაფდი გამოსვლად - ვჩქარობდი გამოვსულიყავი

მიუძღუანოა - გავუგზავნო?; ნუუკუე ითხოვდეს - ეგებ ითხოვდეს; არღარად მეჴმარების - აღარაფრად მესაჭიროება; ისწრაფი - ჩქარობ; იყოს შენ თანა - გქონდეს;  ჩუენღა ამას განვიზრახევდით - ვიდრე ჩვენ ამას ვლაპარაკობდით; ყრმაჲ - მსახური; რაჲ გინებს - რა გინდა; უწესს - ეძახის, იწვევს; დამიკჳრდა - გამიკვირდა; რაჲსამე - რატომ; მიწესს - მეძახის, მიწვევს; ამას ჟამსა - ამ დროს; მივისწრაფე - სწრაფად წამოვედი; უწყია, ხუცეს - იცი, მღვდელო; ბრძოლად წარვალ - საბრძოლველად მივდივარ; ჰონები - იმიერკავკასიელი მომთაბარე ტომები; ოდეს - როდის, როცა; იპოოს ვინმე - აღმოჩნდება ვინმე; რომელმან განკაფოს - ვინც გაცვეთს (აქ: ვინც მოიხმარს); მომართუ - მომართვი; უთხარ - ვუთხარი; მადლი მისცა ღმერთსა - ღმერთს მადლობა შესწირა; ყოველივე მომიძღუანა - ყველაფერი გამატანა; აღიხილა - გასინჯა;  იპოვა ყოველი გებულად - ყველაფერი უკლებლივ აღმოჩნდა; რომელმან ესე შეიმკოს - ვინც ამას შეიმკობს


ნიმუში

ქრისტესმიერი სიყვარულით გამსჭვალულმა მზრუნველმა მოძღვარმა გადაწყვიტა ენახა სულიერი შვილი. იაკობ ხუცესი კარაგად იცნობდა ვარსქენს. იცოდა მეუღლის ასე გამმეტებელი უკან არაფერზე დაიხევდა. მიუხედავად ამისა, განზრახვაზე ხელი არ აიღო და გაემართა მისი სენაკისკენ. პიტიახში მცველს მოკვლით დაემუქრა, თუ დედოფალთან ვინმეს შეუშვებდა. მაგრამ, თითქოს , მოძღვრის გამბედაობა და სიმამაცე მასაც გადაედო, იაკობს ნება დართო შესულიყო.

ხუცესს გული მოუკვდა სულიერი შვილი ნაგვემი რომ იხილა. მისი ყველა ტკივილი თავისად მიიღო, ამიტომაც ,,აღუტევა ჴმაჲ და ტიროდა“. მოსიყვარულე მოძღვარი ღონეს არ იშურებდა არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც შეწეოდა შუშანიკს. ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა ყოფა, ჭრილობები მოჰბანა და სალბუნი დაადო. მისი თხოვნით დედოფალმა ,, მცირედ გემოჲ იხილა“. მონაკვეთში იაკობი ჩანს, როგორც თავგანწირული სულიერი მამა, რომელიც საკუთარ განსაცდელსა და ტკივილებზე არ ფიქრობს. სენაკიდან გამოსვლას, ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ ჩქარობს, ცდილობს ნაწამებ დედოფალს კიდევ არ დაუშაონ რაიმე მისი მიზეზით.

ვარსქენმა იცის იაკობის ერთგულება და მას სწორედ დედოფლის სენაკში ეძებს. სენაკში, რომელში შესვლაც, მისივე ბრძანებით, სიკვდილის ფასად დაუჯდებოდა ნებისმიერს. ფაქტია, გონიერია. მოცემულობას მშვენივრად აანალიზებს. თუმცა, საბოლოო დაღუპვამდე დიდებისმოყვარებასა და ამპარტავნებას მიჰყავს.

რა სურს ვარსქენს იაკობისგან? თავისი აზრით,  გადაწყვეტილებათაგან  ყველაზე უფრო მკაცრსა და უკიდურესს, დაიბრუნოს სადედოფლო სამკაულები, მას ამცნობს პირველს.  ბრძანების სიმკაცრესა და სერიოზულობაში რომ დარწმუნდნენ სულმდაბლად დაურთავს მუქარას: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს“. ალბათ, იმედი აქვს ამგვარად ორ მიზანს მიაღწევს. პირველი __  ხუცესს დაანახებს რომ არ ხუმრობს და მეორე __ ვარსქენის სიმტკიცეში დარწმუნებული იაკობი შუშანიკს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. პიტიახშის გამჭრიხი გონება ამბიციებმა დაბინდა. თვალს ვეღარ უსწორებს სიმართლეს__დედოფალი ქრისტესმიერი მოთმინებითა და სულგრძელებითაა გამსჭვალული, ხოლო იაკობი, საუკეთესო სულიერი მოძღვარია.

მოცემულ მონაკვეთში ზომიერი სიტყვებია შერჩეული უკიდურესი ადამიანური ტკივილების გადმოსაცემად, თუმცა, ავტორი საოცარი ოსტატობით ახერხებს ყველა მათგანის: შიშის, სიყვარულის, თანაგრძნობის, თავგანწირვის, რწმენის მადლის სიღრმე შეგვაგრძნობინოს. ახერხებს გვესმოდეს მისი აჩქარებული ფეხისა და გულის ხმა, ვხედავდეთ მის ლანდს, ციხის დერეფნებში სწრაფად მოძრავს, შუშანიკის სენაკისკენ რომ მიისწრაფის.

  აღნიშნულ ნაწყვეტში მხოლოდ დიალოგია, ავტორის რემარკა არსად ჩანს. იკობ ხუესი მისი და დედოფლის, მისი და პიტიახშის, მისი და მცველის საუბრის დეტალებს ოსტატურად არჩევს. მკითხველს შესაბამის წარმოდგენას უქმნის თითოეული გმირის ხასიათსა თუ მისწრაფებებზე.

              

Comments

Popular posts from this blog

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ბედი ქართლისა (ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)