ალუდა ქეთელაური (პოემის პრობლემატიკა, აქტუალობა)



        ვაჟა-ფშაველას მშობლიური მხარეა ფშავი, საქართველოს ის კუთხე, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარეობს. ამ მხარის ბინადარნი ოდითგანვე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სულით იყვნენ გამსჭვალულნი.

            ჩარგალი ზვიადი მთებითაა გარშემორტყმული, აქ უცხოვრიათ ვაჟა-ფშაველას ახლო წინაპართ რაზიკაშვილების გვარიდან. მათ შორის ბევრი ყოფილა განთქმული იშვიათი ძალღონითა და გულადობით, განსაკუთრებით ჰყვარებიათ ნადირობა.

ვაჟას მამა პავლე ყმაწვილობისას უფროს ძმას ეხმარებოდა მწყემსობაში. სოფლის მღვდლის დახმარებითა და თვითგანვითარების მეოხებით შეუსწავლია წერა-კითხვა. ვაჟა-ფშაველას დედა ბარბალე “ლამაზი, მეტისმეტად გულკეთილი, მოსიყვარულე და სათნოიანი ადამიანი იყო” (ალ. რაზიკაშვილის ცნობა), იგი იშვიათი მეოჯახე და ღარიბ-ღატაკთა გამკითხველი ყოფილა.

1861 წლის 14 ივლისს პავლე და ბარბალე (გულქან) რაზიკაშვილებს შეეძინათ მეორე ვაჟი ლუკა, ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველას სახელით ცნობილი.

            ლუკას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა: გიორგი, მართა, ნიკო (პოეტი ბაჩანა), თედო (მწერალი და ეთნოგრაფი) და სანდრო.

მშობლებს არ დაუშურიათ მატერიალური საშუალებანი, რათა შვილებისათვის განათლება მიეცათ. პატარა ლუკამ წერა-კითხვა მამისაგან ისწავლა. მომავალი პოეტის მეორე დიდი მასწავლებელი იყო ფშაველი ხალხი თავისი გმირული ტრადიციებითა და შესანიშნავი სიტყვიერებით. ფშავის დიდი და ზვიადი ბუნების ფონზე ვაჟა სიყრმიდანვე ისმენდა იმ საკვირველ ლეგენდებსა და თქმულებებს, რომელთაგან შემდგომ ბევრი გადაამუშავა მისმა პოეტურმა სულმა. ერთი სიტყვით, ვაჟა-ფშაველას ესთეტიკურ სამყაროს სიყრმიდანვე ჰკვებავდა მისი ხალხის მაღალი ზნეობრივი იდეალებით გამსჭვალული პოეტური შემოქმედება. მის პიროვნებაში აგრეთვე განსახიერდა ისტორიულად ჩამოყალიბებული ხასიათი ქედუხრელი და თავმოყვარე ფშაველისა, რომლის “ბედი, - თვით ჩვენი პოეტის თქმით, - ბატონყმობის უღელს არ გაუტეხია, იმას სხვა ბატონი არ ჰყოლია, გარდა ღვთისა და ხატისა“.

რვა წლამდის ლუკა მშობლებთან იზრდებოდა, როცა რვა წლის გამხდარა, თელავის სასულიერო სასწავლებელში მიუბარებიათ, “სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა”, - ჰყვება ვაჟა (“ჩემი წუთისოფელი”), სასწავლებელში ქართული ენა აკრძალული იყო, ლუკა რაზიკაშვილმა აქ ექვსი წელიწადი დაჰყო და თუ რაიმე შეიძინა, ისიც მხოლოდ დამოუკიდებელი მეცადინეობის წყალობით და სასწავლებლის ფარგლებს გარეთ.

            1877 წელს ლუკა გადმოყავთ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში.

თბილისის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ, 1879 წელს, ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში, რადგან ხელმოკლეობის გამო მან ვერ შეძლო თბილისში სწავლის გაგრძელება.

გორის სემინარიაში ვაჟა-ფშაველა ბეჯითად დაეწაფა თვითგანვითარებას, იგი ბევრს კითხულობდა, მეტწილად ქართული და უცხოური ლიტერატურის ძეგლებს. მისი ერთ-ერთი სემინარიელი ამხანაგი იგონებს, რომ “თუ რაიმე ახალი წიგნი გამოვიდოდა ქართულ ან რუსულ ენაზე, იმას ვაჟას ხელში ნახავდით. ყოველ ახალ მოძრაობას ლიტერატურაში ვაჟასგან შევიტყობდითო”.

ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობრივი განვითარების დახასიათებისას მნიშვნელობა ენიჭება პოეტის კავშირს ხალხოსანთა კონსპირაციულ წრესთან 80- იან წლებში. მიხ. ყიფიანის მიერ განახლებულ ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება გორის მოწინავე ახალგაზრდობა, კერძოდ, სემინარიის შეგირდები, რომელთა რიცხვში ვაჟა-ფშაველაც ერია. ეს უკანასკნელი ესწრებოდა ხალხოსანთა კრებებს, თავის ნაწარმოებებთან ერთად კითხულობდა რეფერატებს (მაგ., წაუკითხავს ორი რეფერატი – დავით აღმაშენებელზე და თამარ მეფეზე), დამახასიათებელია ერთი ეპიზოდი: 1882 წელს ხალხოსნები შეკრებილან სოფელ უფლისციხეში სათათბიროდ. ამ საიდუმლო კრებაზე ვაჟა-ფშაველა ანთებული რევოლუციური სიტყვით გამოსულა. ალ. გარსევანიშვილი აღნიშნავს, რომ ხალხოსანთა იდეებითა და საქმიანობით ვაჟას “გატაცებამ დიდხანს არ გასტანა. ლუკა ხალისით აღარ დადიოდა კრებებზე, ხანდახან სულ არ ესწრებოდა... ინტერესი პოლიტიკისადმი თითქო დაჰკარგა და მისი ადგილი ლიტერატურამ დაიკავა. ამ დროს ლუკა გატაცებით კითხულობდა რუსული და ევროპული ლიტერატურიდან სხვადასხვა ნაწარმოებებს” (დოკ., გვ. 128). მიუხედავად რევოლუციური მუშაობისადმი ინტერესის განელებისა და სემინარიელ მოსწავლე-ამხანაგებისადმი ზოგჯერ დამცინავი დამოკიდებულებისა, მაინც “უმრავლესობა რაზიკაშვილში ხედავდა არაჩვეულებრივ პიროვნებას” – ასკვნის იგივე მემუარისტი.

1882 წლის 1 ივნისს ვაჟა-ფშაველამ დაასრულა გორის საოსტატო სემინარია და იგი დანიშნეს სკოლის მასწავლებლად ს. ამტნისხევში, ერწოში. ეს სოფელი გუდამაყრელებითა და ხევსურებით ყოფილა დასახლებული. პედაგოგიურ სარბიელზე ვაჟას ნათლობა ამ სოფლის სკოლაში დაიწყო. იგი იყო მშრომელი გლეხობის დიდი მეგობარი და მოსარჩლე, არავის დააჩაგვრინებდა მათ. ამ ნიადაგზე ვაჟას შეტაკება მოუხდა მემამულე ხიმშიაშვილთან, რომელიც ერწოს მიწებსა და მის მკვიდრ გლეხებს დაჰპატრონებოდა. ასევე, პირდაპირ ფიზიკურად შეებრძოლა იგი სოფლის მღვდელს, რომელიც მარტო თვითონ სარგებლობდა იახსარის (ხატის) ნიშის ეზოთი, ხალხს აშინებდა სამლოცველოთი და მიწის გამოყენებას უკრძალავდა. ყოველივე ამის გამო ვაჟა აიძულეს ამტნისხევის სკოლა დაეტოვებინა.

1883 წლის შემოდგომაზე ვაჟა-ფშაველა მიემგზავრება პეტერბურგში და თავისუფალ მსმენელად შედის უნივერსიტეტში, რადგან გორის სემინარიის კურსდამთავრებული სტუდენტად ვერ ჩაირიცხებოდა. ვაჟა არ აცდენდა ლექციებს, თუმცა კმაყოფილი არ იყო მათი ხარისხით, ვაჟას დიდხანს არ დასცალდა ყოფნა პეტერბურგში, სიღარიბემ აიძულა იგი უნივერსიტეტი დაეტოვებინა და 1884 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1888 წელს ვაჟა თავისი ჯალაბით საბოლოოდ მშობლიურ სოფელ ჩარგალში დაბინავდა. ამიერიდან იგი, თავის წინაპრებივით, უბრალო გლეხივით ცხოვრობს. თვითონ ამუშავებს მიწას, ხნავს, თესავს და მკის. ღარიბი პოეტი ფეხშიშველა ეწეოდა გუთნისდედობას, მისი ცოლი ეკატერინე კი ხარებს წინ უძღოდა, მეხრის მოვალეობას ასრულებდა. “რა ვქნა, ძმაო, თუ ეს მიწა არ ვჩიჩქნე და პური არ მოვიყვანე, ყველანი მშივრები დავიხოცებით, რადგან ჩემი პოეტობა – მწერლობა ნავთის და მარილის ფულს ძლივს მაძლევს”, - უთქვამს ვაჟას თავის მეგობარ ა. შამანაურისათვის. ხშირად ამბობდა თურმე ვაჟა: “მთელი ჩემი ცხოვრება პარადოქსია: როცა ვხნავ – პოეზიაზე ვფიქრობ, როცა ლექსებს ვწერ – პრაქტიკულ საქმეებს ვსაზრიანობ. ხან ერთი მიშლის ხელს, ხან მეორეო”.

ლიტერატურულ სარბიელზე ვაჟა-ფშაველა გამოვიდა ჯერ კიდევ სემინარიაში მოწაფეობის დროს. 1879 წელს გაზეთ “დროების” №11-ში დაიბეჭდა მისი კორესპონდენცია “წერილი ხევსურეთიდან”, ამას მოჰყვა სხვა კორესპონდენციებიც. მეორე წელს კი ვაჟამ გამოაქვეყნა თავისი პირველი თარგმანი პროზაში “ფეოდალის აღზრდა”, ხოლო პირველი ორიგინალური ლექსი “მეომარი” 1881 წელს დაიბეჭდა ხალხოსნების ჟურნალ “იმედის” №3-4-ში. ამავე წელს გაზეთ “დროების” №184-ში დაიბეჭდა მისი ორიგინალური მოთხრობა “სურათი ფშავლის ცხოვრებიდან”. მაშასადამე, რამდენიმე ძირითადი მხატვრული ჟანრით ვაჟა-ფშაველა მკითხველის წინაშე პირველად წარსდგა 1879- 1881 წლებში.

ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთი უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედია გასული საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მწერალთა შორის. თავისი 35 წლის სალიტერატურო მოღვაწეობის მანძილზე მან შექმნა 425-ზე მეტი ლირიკული ლექსი, რამდენიმე ათეული პოემა, მრავალი მოთხრობა, სხვადასხვა სახის ნარკვევი, რამდენიმე პიესა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ზოგიერთი ორიგინალური ლექსი თუ პოემა დღესდღეობით დაკარგულად ითვლება.

განსაკუთრებით მდიდარია ვაჟას შემოქმედება 80-90-იან წლებში. ამ პერიოდში შექმნა მან თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი პოემები (გარდა “გველის მჭამელისა”), მეტი წილი ლირიკული შედევრებისა და ბალადებისა (მათ შორის განთქმული “ბაკური”) და სერია შესანიშნავი მოთხრობებისა.

ვაჟა-ფშაველამ, როგორც მომავალმა დიდმა ხელოვანმა, ადრევე შეიგნო, რომ გატკეპნილი გზით სიარული მას არ შეეძლო. ამასთან, მან აირჩია არა ნაძიები ორიგინალობა, არამედ ორიგინალობა, დაფუძნებული უმდიდრესი ხალხური (უმთავრესად ფშაური) პოეზიის ნიადაგზე. ორიენტირის ასეთი გადანაცვლება – უკვე ცნობილი ფორმებისა და მხატვრული ელემენტების უმწეო სტილიზაციიდან გადასვლა უშუალოდ ხალხურ პოეტურ მეტყველებაზე – ვაჟა-ფშაველასათვის შეგნებული შემოქმედებითი აქტი იყო. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ ინსტინქტისა თუ გუმანის მომენტი ამ აქტში სრულიად გამორიცხულია. ვაჟა- ფშაველამ შეგნებულად მიმართა ქართულ ხალხურ პოეზიას და მან ჩინებულად იცოდა გამმიჯვნელი ზღვარიც მწიგნობრულ და ხალხურ მეტყველებას შორის; ვაჟამ შეგნებულად უარყო ფორმის “ლიტერატურულობა” და ხალხური მხატვრული მეტყველების შეუზღუდველი და სტიქიური დინების ხასიათი აღიარა ქართული პოეზიის სპეციფიკურ, ეროვნულ თვისებად.

ვაჟა-ფშაველა სტროფიკისა და ტაეპთა გარითმვის სფეროშიაც შორდება მწიგნობრულ პოეზიას, იზიარებს ხალხურისათვის დამახასიათებელ მომენტს: მინიმალური მხატვრული საშუალებების გამოყენებას მეტყველების გარეგანი სამოსელის გასამდიდრებლად, მხატვრული ქმნილების შინაგანი ფორმის მნიშვნელობის გაზრდისა გაძლიერების ხარჯზე.

თვითონ პოეტმა ბრწყინვალედ ახსნა თავისი დამოკიდებულება ფოლკლორული წყაროებისადმი: “უნდა ყველამ კარგად იცოდეს – ხალხის თქმულება, რაც უნდა იგი მდიდარი შინაარსისა იყოს, აზრიანი და ხელოვნური, თუ პოეტმა იგი არ გარდაქმნა, საკუთარ სულიერ ქურაში არ გადაადნო, არ გადაადუღა, მასალიდან ახალი რამ ა რ შექმნა დ ა დაწერა ისე , როგორც ხალხი ამბობს , არაფერი გამოვა , ერის გულში იმისთანა ნაწარმოები ბინას ვერ იპოვის, იქ ვერ დაისადგურებს და ვერც ხელოვნურ ნაწარმოებად ჩაითვლება. ამის მაგალითები მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ბევრია, ყოველი დიდებული საკაცობრიო ნაწარმოები შექსპირისა, გოეტესი ხალხურ თქმულებაზეა აშენებული სწორედ ისე, როგორც ზევით მოგახსენეთ, როგორც ამას ჩვეულან რჩეულნი ამა ქვეყნისანი, დიდი ნიჭის პატრონი მწერლები. ავტორები “ფაუსტს” გოეტეს გარდა ასობითა ჰყვანდა, მაგრამ გოეტეს მეტმა ნამდვილი “ფაუსტის” დაწერა ვერავინ შეძლო, რადგან საკუთარმა სულიერმა ქურამ სხვა მწერალთა ვერ შეძლო გადადუღება ხალხისაგან მოცემულის მასალისა და მის საკუთრებად გარდაქმნა. ასევე დაემართათ შექსპირის “ჰამლეტს”, “მეფე ლირს”, “რომეო და ჯულიეტას” და სხვ.

ვაჟას გაგებით, მწერალი “ადამიანთა ცხოვრების დარაჯია”. “გენიოსების ნაწარმოები რომ განსჭვრიტოთ ამ თვალსაზრისით, იქ უფრო ცხადად შევნიშნავთ მას; ესაა მათი დამახასიათებელი, ესაა ღრმა, წამალდაუდებელი, მოურჩენელი წყლული იმათის გულისა. ცხოვრებისა და ბუნების გარეშე წარმოუდგენელია მწერალი, როგორც ყოველი სულიერი და უსულო არსება. წარმოუდგენელია ნიჭიერი მწერალი, გენიოსი, უიმისოდ, რომ იმას არ აწუხებდეს ტკივილები ადამიანთა ცხოვრებისა”[20]. ვაჟა- ფშაველას უღრმესი რწმენით (და თავის აზრს ამ საკითხზე იგი არაერთგზის და ყოველთვის ხაზგასმით გამოთქვამს), დიდი მწერალი შეიძლება მხოლოდ ჰუმანისტი იყოს, თუმცა “შეიძლება გენიოსების ნაწარმოებში ეს ადამიანთა ცხოვრების ტკივილები მკითხველს თვალში არ ეჩხირებოდეს, როგორც რეკლამა”. ვაჟა-ფშველას, როგორც რეალისტს, არ წარმოუდგენია მწერალი ცხოვრების ორომტრიალის გარეშე, ადამიანთაგან გამდგარი, მაყურებლის პოზაში. განსაკუთრებით ეს ითქმის დიდი მწერლის შესახებ. ,,გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურაში და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულში. გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მასამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ, არ შეუძლია აგრეთვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაციბრიობის ცხოვრების ღერძთან. გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული, მაშასადამე, - კერძო თვისებისა, ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი”.

ვაჟა-ფშაველა არაერთხელ უბრუნდება იმ თეზისს, რომლის მიხედვით ჭეშმარიტი და ღრმა შემოქმედი მხოლოდ დიდი პატრიოტია (,,ვისშიც ძლიერად სჩქეფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ეს უმთავრესი ფესვია მისი შემოქმედებისა“) და ამავე დროს, საერთოდ ადამიანთა მოყვარული და ალტრუისტია: ,,მე რომ არ მიყვარდეს და არ მებრალებოდეს ვინმე, თავს არ ვიცოცხლებდი”[23]. აცხადებდა იგი. ამასთან ვაჟას ალტრუიზმი, ადამიანის შებრალების გრძნობა, უაღრესად პრინციპული შინაარსისაა, მასში ნატამალიც არ მოიპოვება პატივმოყვარეობის, ბატონკაცური ფილანტროპიისა; პოეტს ერთგვარი კორექტივიც შეაქვს თავის თეზაში: ,,ვფიქრობ, რომ სიბრალულს სიყვარული სჯობია ბევრად. სიბრალული, ცოტა არ იყოს, ბატონყმური გრძნობაა. მე რა უფლება მაქვს მებრალებოდეს ვინმე, მე, რომელიც იქნება, თვითონ ვიყო შესაბრალისი?”

თავისი მრწამსი მწერლის, პოეტის მოვალეობის შესახებ ვაჟა-ფშაველამ მარტო თავის წერილებში როდი გამოთქვა. იგი ლირიკულ შემოქმედებაშიც ხშირად მიმართავდა საკუთარი credo-ს დასაბუთებას. მთელ რიგ ლექსებში გამოხატა ვაჟამ თავისი პატრიოტული და მორალურ-ესთეტიკური შეხედულებანი. ვაჟა-ფშაველას პოეტური მრწამსი, გამოთქმული მის ლექსებში, უწინარეს ყოვლისა, დიდი მოქალაქის და ასევე დიდი პოეტი-მოზროვნის დეკლარაციას წარმოადგენს. ვაჟა, ერთი მხრივ, ღვიძლი შვილია თავისი დროისა, მშობლიური კულტურისა და ლიტერატურის საუკეთესო – შორეული თუ ახლობელი – ტრადიციებისა, ხოლო, მეორე მხრივ, თავისებური ამთვისებელი მოვლენებისა, ბუნების განსაცვიფრებელი მესაიდუმლე და მეგობარი, ადამიანის ბედ-იღბალზე ჩაფიქრებული ჰუმანისტი.

ვაჟა-ფშველას უდიდესი მხატვრული ნიჭი უმთავრესად მის პოეტურ ეპოსში ჩანს. მისი ლირიკის ცენტრში მაინც დგას უმთავრესად ავტორი, ისმის მეტწილად უშუალო ხმა პოეტისა, მკითხველი მოხიბლულია თვითონ შემოქმედის ხილვებით, ემოციებით, ჰუმანური ღაღადისითა და ვაჟკაცური სასიყვარულო ვნებებით. მხატვრულ ეპოსში კი იგი გვიხატავს მისთვის საყვარელ, მაგრამ მაინც მისგან ასე თუ ისე აბსტრაგირებულ სამყაროს, სადაც ყველაფერი უღრმეს ტრაგიკულ შეჯახებათა დინამიურ სვლას ექვემდებარება. ვაჟას საუკეთესო პოემები ნამდვილი ტრაგედიებია, ამ სიტყვის ანტიკური გაგებით. ამ ფონის თითქმის ყველა დეტალი ჩვენთვის ცნობილია უკვე პოეტის ლირიკიდან: მთები ჩაფიქრებულნი დგანან და შუბლზე ნისლი მოუხვევიათ; კლდის პირას არწივს ან ვეფხვს სძინავს, ქორნი და სვავნი მოკლულთა ლეშს მისევიან, “მოყაშყაშეარწივი კი მხოლოდ დაღუპული ,,კარგი ყმისმკლავს ეტანება; მთის კალთებზე ყვავილნითამარის თვალებიჰყვავიან; ბუნება მეტწილად მძვინვარეა, ხევები ხშირად ახველდებიან ხოლმე და როცა კლდეები ,,ფერცხალთ გახსნიან”, აქედან გამოდიან დევები და ქაჯებიმთის დემონური სულები - და მათი კბილების ალისფერი ელვარება შემზარავია; მხოლოდ კოპალას ისრები იხსნიან ხოლმე ქვეყანას ბოროტი და ავი სულების შემმუსვრელი ბატონობისაგან... ვაჟას მიერ დახატული ამ ქვეყნის შუაგულ, მთათა ბნელ მღვიმეებში მოთავსებულია საიქიო ანუ შავეთი, რომლის შესავალთან ვეება გველი (“სურიელი”) იქ მისულ ვაჟკაცთ ულვაშებს წასძოვს ხოლმე; ღამით აქედან გამოდიან მკვდრების ფერმკრთალი სულები და ხმადაბალ სიმღერას იწყებენ. ამ შავეთის ხილვა ვაჟას ძლიერი ნებისყოფის გმირებს სიზმარშიაც კი შეაჟრჟოლებთ ხოლმე. საერთოდ, სიზმარში ისინი წინასწარ გრძნობენ მოსალოდნელ ხიფათს და .. ეს ტრაგიკული კოლიზია ასახავს არა მარტო საქართველოს ერთ-ერთი პროვინციისფშავის ან ხევსურეთის მეამბოხე გმირთა სულიერ სამყაროს, ან თუნდაც მთელი ჩვენი ხალხის გმირულ სულისკვეთებას, არამედ ხშირად ზოგადკაცობრიულ ვნებებს და სულიერ კონფლიქტებს. ვაჟა-ფშაველას ლირიკის თითქმის ყველა ძირითადი თემა და მოტივი ფართოდაა დამუშავებული პოეტის ეპიკურ ქმნილებებში. მაგრამ ახალი და განუმეორებელი რამ, რაც ამ თემებსა და მოტივებს შესძინა ვაჟა-ფშაველამ თავის პოემებში არის – იშვიათი დინამიზმი, მათი მოქმედებაში გაშლა და ხასიათებისა და ვნებების ასახვა გარემომცველ სინამდვილესთან უშუალო კავშირში. მაგალითად, ,,კარგი ყმა” პოემებში დახასიათებულია არა პირდაპირ, ავტორის მონოლოგის ან მიმართვის ფორმებში, არამედ მისივე (ყმისავე) საქციელით, თავგანწირვისა თუ ვაჟკაცობის კონკრეტული გამოვლინებით და ა.შ.

ვაჟა-ფშაველას მრავალრიცხოვან პოემაში ძირითადად ნაჩვენებია: ა) კარგი ყმის ანუ გმირის დამახასიათებელი აბრისი (სახე); ბ) იმავე გმირის პატრიოტული ბუნება ; გ) საზოგადოებასთან (თემთან) კარგი ყმის ურთიერთობა და დ) ამეტყველებული სურათი მთის ბუნებისა , ყველა მისი შემადგენელი ნაწილით.

საზოგადოებისა (თემის) და ამ საზოგადოების საუკეთესო წევრის ანუ კარგი ყმის ურთიერთობის პრობლემას მიუძღვნა ვაჟა-ფშაველამ სამი ბრწყინვალე პოემა: ,,ალუდა ქეთელაური”, ,,სტუმარ - მასპინძელი” და ,,გველის მჭამელი”. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ეს ნაწარმოები (,,ბახტრიონთან” ერთად) პოეტის საუკეთესო ეპიკურ ქმნილებათა რიცხვს უნდა მიეკუთვნოს. ამასთან, პირველი ეპიკური ნაწარმოები, რომელშიაც საერთოდ ვაჟა-ფშაველას გენია მთელი ძალით გაბრწყინდა, არის პოემა “ალუდა ქეთელაური” (1888 წ.).

   
    პოემის სიუჟეტის მიხედვით, ხევსურთა სოფელ შატილში მაცნემ ამბავი მიიტანა: ქისტებს მწყემსები აუწიოკებიათ და ცხენები წაუსხამთ. ალუდა ქეთელაურის ცხენიც აქ ურევია. ვინ არის ალუდა ქეთელაური?
                    ,,ალუდა ქეთელაური
                    კაცია დავლათიანი,
                    საფიხვნოს თავში დაჯდების,
                    სიტყვა მაუდის გზიანი“.

მთის ტრადიციის თანახმად, საფიხვნოში მხოლოდ რჩეულები შედიან, ალუდა კი რჩეულთა შორის რჩეულია, ,,საფიხვნოს თავში დაჯდების“. მოპარული ცხენების დასაბრუნებლადაც მხოლოდ ალუდა მიდის, მხოლოდ იგი ბედავს  დაედევნოს ქისტებს, რომლებიც არიან ,,ავნია, ავი-ზნიანნი“. იარაღასხმული და გაჯავრებული ალუდა მიაგნებს ორი ქისტის კვალს და პირველი გასროლისთანავე ჰკლავს ,,ერთ ქურდ-კანტალა ღილღველს”. ახლა მეორე ქისტი, მოკლულის ძმა, მუცალი შემოუტევს. ცდილობს შური იძიოს. სამართლიანობის განცდით ებრძვიან ერთმანეთს. იწყება ჯოჯოხეთური დუელი ორ მთიელს შორის. ხედავენ რომ ვაჟკაცობაში თანასწორები არიან. ჩანს, ალუდას უმართლებს, უბრალოდ, საპირისწამლე აჩერებს ტყვიას. კიდევ ერთხელ გაუმართლა და ამ გამართლებით სასიკვდილოდ დაჭრა მუცალი_  ,,შატილიონის ნასროლი, ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა“.   მიუხედავად ქისტის იშვიათი ვაჟკაცობისა, ალუდა კლავს მუცალს. მუცალი თითქოს საყვედურობს ღმერთს: ,, ძმაც ხომ მომიკალ, მეც მომკალ, რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა.“ ამავე დროს ქისტი ხვდება რომ სიმართლე ხევსურის მხარესაც არის, მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ხალხი. მანამდე რჯულს ულანძღავს, მაგრამ ახლა, გადაწყვეტს თოფ-იარაღი გადასცეს ,, ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა!“ ,,რჯულძაღლო“ ახლა, როგორც ჩანს სხვა ინტონაციით ჟღერს, ეუბნება, როგორც ღირსეული ღირსეულს. საინტერესოა, რომ პირველი ინიციატივა, რელიგიურად და კულტურულად აბსოლიტურად განსხვავებულ ადამიანში დაინახოს სრული ადამიანური ღირსება, მოდის მუსლიმი პიროვნებისაგან. მერე დაინახავს ალუდაც.  ვაჟას გენიალურობაც, ხედვის სიღრმეც ამაში მდგომარეობს. ხევსური არათუ მკლავს არ ჭრის ქისტს, არამედ, მის სულს მოიხსენიებს, იარაღსაც არ აჰყრის, თავთან მისსავე სპილოს ძვალ-დაკრულ ხანჯალს დაუდებს, გულზე თოფს და მკლავზე ხმალს დაადებს, ნაბადში გახვევს გვამს რომ არ დააზიანონ ფრინველებმა. იქვე, სპონტანურად დაიტირებს.

ფიქრნისლიანი ალუდა ქეთელაური ცხენით ბრუნდება თავის სოფელში.  დაბრუნებული კი ,,სხვა ენაზე იწყებს ლაპარაკს“, იმ ენაზე, რომლებიც თანასოფლელებს არ ესმით. ირონიულად ამბობს: 

,,ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ,

მარტო ჩვენ გვზდიან დედანი,

ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მიელის ქშენანი.

ამის თქმით ვწარამარაობთ,

ღვთიშვილთ უკეთეს იციან,

ყველანი მართალს ამბობენ

განა, ვინაცა ჰფიციან?!“

ალუდა ამბობს, რომ კულტურულ-ადათწესური ხედვის გარდა არსებობს კიდევ სხვა ხედვა, სწორედ ამ ახალ ხედვაში უნდა დაიბადოს ახალი ადამიანი. ბებერი უშიშა ეკითხება ამბავს. ალუდაც უყვება თავის თავგადასავალს და როცა ამბობს, რომ იმ ცხონებულ მუცალს რკინის გული ჰქონიაო, უშიშას არ მოსწონს ეს გამოთქმა და შესძახებს – ქისტის ცხონება რჯულად არაა ნაწერიო. მაგრამ ალუდა მიუგებს, რომ ვაჟკაცობა ფულად არ იყიდება. მუცალის გმირული სიკვდილის ამბავს რომ დაასრულებს, დაუმატებს, რომ ვერ გაიმეტა იგი მარჯვენის მოსაჭრელად. ხევსურთ აღაშფოთებთ ეს ცნობა და ალუდას ჰკიცხავენ:

,,გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,

გადუქცევიხარ ქალადა,

მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,

უკვენ მისდევდი მა რადა?!“

ხევს არ უნდა ალუდას მოსმენა. რატომ? პრობლემა რაში მდგომარეობს? ალუდა ცნობილი  პიროვნებაა მთაში, ეშინიათ, რომ მის შეხედულებას ბევრზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ლაჩარმა რომ თქვას, რომ ხელი არ უნდა მოაჭრა მტერს, იტყვიან, რომ ის ლაჩარია, მაგრამ თვითონ ალუდა ვაჟკაცია და ალუდა რომ ამას ამბობს, ეს ერთიორად ზრდის ხიფათს თემისთვის. ასეთი ადამიანი თუ ამბობს ე.ი. ჩვენც უნდა დავფიქდეთ ამაზე, ჩვენც ვდგავართ ამ დილემის წინაშე. დაფიქრება არ უნდათ. თუ დაფიქრდებიან, შეიძლება მოუხდეთ რომ შეცვალონ პერსპექტივა, უნდა შეცვალონ ხედვა სამყაროზე და ვინ არის მზად ამისთვის? ინგლისელების გამოთქმა ,,explain away” (1. to minimize the significance of by or as if by explanation; 2. to get rid of by or as if by explanation; 3. If someone explains away a mistake or a bad situation they are responsible for, they try to indicate that it is unimportant or that it is not really their fault; 4. to cause to seem less important by explaining)  შეიძლება დავუკავშიროთ ამას. ეს ნიშნავს, რაღაც რთული ამბავი მარტივად ახსნა და ამ გზით მოიშორო თავიდან, გადააგდო. ასეთი ,,explain away” არის თემის გადაწყვეტილება. ისინი ამბობენ, რომ ალუდა არის ლაჩარი __ ,,გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,  გადუქცევიხარ ქალადა“. თითქოს გასაგებია რატომ არ მოჭრა მარჯვენა , გაექცა მტერი და ვეღარ დაედევნა. ერთადერთი მინდიაა, რომელიც ამას არ იჯერებს, წავა და მოიტანს მუცალის ხელს. ამ კეთილი განზახვით დაამტკიცებს ალუდას ვაჟკაცობას. მიუხედავად ნივთმტკიცებისა, ხევს არ უნდა მინდიას გაგონება, ეს მის ინტერესში არ შედის. ამ დროს ალუდა საინტერესო რაღაცას ამბობს: ,,მტერს მოვკლავ, მაინც არ მოვჭრი მარჯვენას მაგათ ჯიბრითა.“ ამ სიტყვებით იგი თავის თავს გამოყოფს თემისაგან, ,,მაგათ“ ანუ ისინი და მე.

            საინტერესო სტადიაა ალუდას სიზმარი. ალუდა ხედავს იმ სალაფავს, ვერ ჭამს, იმიტომ რომ ადამიანის ხორცად ეჩვენება, ეზიზღება და გაშტერებულია (არა გამოშტერებული) და ხმა ჩაესმის, ალუდა რატომ არ ჭამ? რად დგეხარ გაშტერებული? ანუ შეჩერებულია. მანამდე ციბრუტში იყო ჩაბმული, რაღაც ტრადიციის ტრიალში, ახლა კი გაშტერდა ანუ ჩაფიქრდა-რას ვაკეთებ? თემის ხმა რომ ჩაესმის ეს ნიშნავს, რომ თემი ამ თავისი ხედვით, ინერციით ხელს გიშლის რომ შენი თავი დაბადო, გაძალებს რომ იყო ამ ინერციის ნაწილი. ჩაფიქრების ამიტომ ეშინია თემს. დაბადება თუ ხდება, ხდება მარტოობაში, ,,სული იზრდება მარტოობაში“, როგორც ამბობს ოთარ ჭილაძე. სიზმარი ერთ-ერთი სტადიაა და კულმინაციაა, როცა ალუდას აჰყავს მოზვერი მუცალის სულისთვის შესაწირად. საინტერესოა ნისლივით ჩუმად იდუმალებით მოცული მოვიდა. როცა ბერდიას ეტყვის :

,, ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,

ძოღან მოკლულის ქისტისა.

მუცალს ეტყოდენ სახელად,

მაუნათლავის შვილისა.

კარგადაც დამიწყალობნე,

გამიმეტებავ მისთვინა,                            

                                                როგორც უნდომლად მოკლულის

თავის ლამაზის ძმისთვინა.“

 ბერდიას ყველაფერი ენგრევა თავზე. ,,ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვა რიგი შიშისა“ საინტერესოა, ,,სხვა რიგი შიშისა“, ეს არის ერთადერთი მეტაფორა რომ გამოხატო თუ რა შიშმა შეიპყრო ბერდია, სხვა რეგისტრის შიშმა. ეს არ არის ის შიში, რომ ქისტები დაგვესხნენ, შეიძლება ამოგვხოცონ, გაგვძარცვონ. ეს არაჩვეულებრივი შიშია_ალუდამ თუ ეს გააკეთა, ის დაანგრევს მათ მსოფლხედველობრივ სტრუქტურას, სიცარიელეში დატოვებს, მათ აღარ ეცოდინებათ რა არის ტყუილი, რა მართალი, თვითონ უნდა იფიქრონ.  ისინი ძველი სტრუქტურით ვეღარ იცხოვრებენ და ახალი სტრუქტურის შექმნა ასე ადვილი არ არის. ალუდა ამსხვრევს იმ კრისტალს, რომლის საშუალებითაც ისინი მთელ სამყაროს უყურებდნენ ანუ აიძულებს მათ თავიანთი თვალებით შეხედონ და მათ ეს შეუძლიათ? როცა არანაირი ყავარჯენი აღარ აქვთ.

            საინტერესოა მერე, როცა ალუდა შეხედავს რომ მის მოზვერს არ ამწყალობებენ, ხმალს ამოიღებს, ვაჟა აქ წერს, რომ ,,შუქი ამოხდა მზისაო“. რა შეიძლება წარმოვიდგიოთ? ამ დროს განათდა მზე თუ ხმალმა აირეკლა მზე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნა მივაქციოთ კიდევ ერთ ეპიზოდს: როცა მუცალის მკვლელი ალუდა მოდის ასეთ რამეს ამბობს ვაჟა, შატილში .,,ჯერ არ ჩამოსულა შუქი შუადღის მზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამშვებსა ცა ახურია კლდისაო“. ,,კლდის ცა“ ეს მატაფორაა კლიშეების, სტერეოტიპების ანუ არ შემოსულა ეს შუადღის მზის შუქი. ეს შუქი კი მაშინ შემოვა, როცა ადამიანი გაბედავს და თავის აზრს გულწრფელად და თამამად იტყვის. ალუდას ამ გაბედულმა ქმედებამ შუქი ამოიყვანა შატილში, მანამდე ცა ეხურა კლდის. 

საინტერესოა თვითონ ალუდა როგორ იცვლება. მანამდე, როცა მოკლავს მუცალის ძმას ვაჟა ამბობს, რომ ,,ერთ ქურდ-კანტალა ღლიღველსა ცუდი დაუდგა წამია“. ალუდას შეხედულებას გვეუბნება ვაჟა, მან ისე მოკლა ის ქისტი, როგორც ,,ქურდ-კანტალა ღლიღველი“, ვიღაც უღირსი. მერე კი ამბობს ალუდა, რომ შემიწირეო მოზვერი მუცალისთვის ,, მემეტებაო მისთვისა და როგორც უნდომლად მოკლული თავის ლამაზის ძმისთვინა“, ანუ მუცალის ძმას ალუდა უყურებს უკვე, როგორც მუცალს, როგორც მუცალის დარს ანუ ხედვის კუთხე შეიცვალა საერთოდ. აქ შეიძლება გავიხსენოთ ბერძნული სიტყვა ,,მეტანოია“. ,,მეტა“ და ,,ნოია“. ,,ნოია“-ვაზროვნებს, ვფიქრობ, ,,მეტა“-გადავაზროვნებ, გადავსინჯავ ჩემს აზროვნებას, სხვა კუთხით შევხედავ. ეს მეტანოია მართლაც ხდება, ეს გონებრივი აქტი ალუდაში სრულყოფილად ხდება. თემი არ იღებს ამას და ძალიან ძნელია, როცა ამ დილემის წინაშე დადგები. პრობლემა იმაშია, რომ თუ თემი არ მიიღებს, თუ პრაქტიკული შედეგი არ ექნება, უნდა თქვა თუ არ უნდა თქვა?  ვაჟას მესიჯი ის არის, რომ, ეს ჭეშმარიტების განცდა არ არის დამოკიდებული დროით კონინქტურაზე, გინდა ჰქონდეს შედეგი, გინდა არ ჰქონდეს, მაინც უნდა თქვა. სამოქალაქო სივრცეში თქმას და სითამამეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ალუდა ბედავს, რომ გულში კი არ დაიტოვოს, მე ასე მწამს და არ მოვჭრი, არამედ პროვოცირებას უკეთებს საზოგადოებას, მიდის და ამბობს. სამოქალაქო გამბედაობას აქვს დიდი მნიშვნელობა პიროვნების დაბადებისას ვაჟასთვის, ვიდრე თვითონ ხედვას ჭეშმარიტების.   

რას ფიქრობდა ხევისკენ მომავალი ალუდა ქეთელაური? რატომ არ ,,ეწონება თავი“? რა ,,გულით ნადენი ნისლები დასწოლია პირს“? ღვთის ხმის წინაშე გარინდული ამას ეტოდა სული, გული და გონება: ,,რჟულძაღლოს“ გარდა არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, არადა, რამდენი რამე გვქონია სათქმელი! ჩემთვის მეგობრად დაბადებული შეიძლებოდა ყოფილიყო-ყველაზე ახლობელი, ჩემსავით კაცი. აქამდე არასოდეს მეფიქრა ამაზე-საყველაფროდ მიდიოდა ჩემი ცხოვრება, სოფელს რაც სურდა და რასაც ელოდა ჩემგან, იმას ვაკეთებდი. ჭკუასაც მეკითხებოდნენ და ყველასაგან გამომარჩევდნენ კიდეც - სოფლის იმედსა და სინდისს. ამას ახლა სასხვათაშორისოდ ვამბობ, თორემ ნაკლებად მიღირს. არა, სოფელსა და თემს კი არაფერს ვერჩი - ბევრი კაცის განწყობა და ფიქრი ერთი კაცის განწყობა- ფიქრს ორი ნაბიჯით ყოველთვის ჩამორჩება; უბრალოდ, მუცალის გადმოგდებულმა თოფმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში. თოფი გესროლონ და თოფი გადმოგიგდონ, ორი სხვადასხვა რამ არის. ,, ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასაო!“-მომაძახა და უცბათ რაღაცამ გამკრა სულში. რატომ გადმომიგდო თოფი, განა მე თავად ვერ ავიღებდი და დავისაკუთრებდი?! ვინღა დამიშლიდა მუცალისა და მისი ძმის მკვლელს? აბა, რა უნდოდა? პასუხზე ადრე ცრემლები მომადგა და ლამის ქალივით ავტირდი-აღარც თოფი მინდოდა მისი და აღარც სხვა იარაღი. კაცმა თავისი ხელით დამითმო თოფი, სხვის ხელს არ ჩავარედესო,-მითხრა და მაგრძნობინა, რომ... რა მაგრძნობინა? შენში მტერს აღარ ვხედავ, მხოლოდ ადამის შვილს, მოყვასს გიყურებ და შენს ღირსებას ვაფასებო! მტერშიც შეიძლება ადამიანი დაინახოო. თოფთან ერთად ეს აზრიც გადმომიგდო იმ ცხონებულმა. არც იარაღი ამიყრია და აღარც მარჯვენა მომიჭრია-ცოდვად მიმაჩნევინა რაღაცამ ჩემს შიგნით. ან კი საკთარ თავთან გათანაბრებულ კაცს ხელს როგორ მოვჭრიდი?! გავესულე და მკვდარს დავუმეგობრდი. საკუთარ ცხოვრებას გავუკადნიერდი და ღმერთს მისი ცხონება შევთხოვე. სანამ მუცალის თვალების სინათლე ჩაქრა, ჩემი სისხლით ავსებული სახლის დანახვაც მოვასწარი და კაცის წვნიანისაც, რომელსაც ჩემიანები მაძალებდნენ. ცოლი, შვილები, საკვები, საფლავი-ყველაფერი სისხლიანი იყო და სისხლისთვისაც. შენ რომ სხვა მოკლა, შენც მოგკლავენ-არავინ არაფერს შეგარჩენს. კი მაგრამ, სად არის ამ ყველაფრის დასაწყისი ან დასასრული? მე ჩემი პასუხი უკვე ვიცოდი-მუცალის სიკვდილმა ხელახლა დამბადა ამ ქვეყანაზე. მივხვდი, რომ ორი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ღმერთმა ადამიანებს მოგვცა-რწმენა და სამშობლო-შეიძლება (სწორედ უსაზღვრო სიყვარულისა და მისგან გამომდინარე  თავგანწირვის გამო) დაუსრულებელი მტრობისა და სისხლისღვრის სათავედ იქცეს, თუ მათ არ ახლავს ღვთისაგან ნაბოძები მესამე სიკეთე-მოყვასის სიყვარული. მხოლოდ ეს მესამე აქცევს პირველ ორს ნამდვილ სიყვარულად და არა ფანატიკოსის გაშმაგებად. თუ ეს მესამე არ გვაქვს, ძალიან მომხიბვლელი ამპარტავნება გვეუფლება და გგონია, რომ ყოველთვის და ყველაფერში მხოლოდ შენ ხარ მართალი და სხვას ოდენ ორი არჩევანიღა დარჩენია-დაგეთანხმოს ან მოკვდეს! მხოლოდ ჩვენს დედებს სტკიოდათ მუცლები ჩვენზე? მხოლოდ ჩვენი დედები შობენ ღმერთთან მოსაუბრე ადამიანებს?! ვუყურებდი ჩემიანებს, მათ გაავებულ, დაუნდობელ, შავი სიყვარულით გაჟღენთილ სახეებს და ვფიქრობდი, რომ მუცალი, საწყალი და ვაჟკაცი მუცალი, უფრო ჩემიანი იყო. მისი სიკვდილი დასჭირდა ჩვენ შერიგებას, მაგრამ მოყვრების მორიგებისთვის სიცოცხლეც არასაკმარისი აღმოჩნდა.

ხუცესს, ბერდიას, რაღა მოვკითხო, ,,ურჯულოვდები მაგითაო“, - დანარჩენების სათქმელი მითხრა თითქოს, მაგრამ არა მგონია, რჯული სისხლის მდინარის სათავე იყოს - ჩემი რწმენა, ქრისტიანობა, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დამამთავრებელია ამ ქვეყანაზე და ბალღების ნათრევი გაშავებული კაცის ხელი მისი სახე არ არის. გამომაძევეს თვისტომთა, დამატოვებინეს თვალთა გამახარელი საჯიხვეები, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ დამცდენია მათ სამტროდ - ერთხელაც იქნება, ის ნათრევი ხელი მათ ღირსებას სილას გააწნავს და გაუსაძლისი ტკივილი შობს მართალ შეგნებას. ამას მე ვამბობ - ალუდა ქეთელაური, ახლა წამსვლელი, მაგრამ მუდამ მომბრუნებელი, მაგრამ მუდამ მომბრუნებელი. მე ის ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია.“

კადრი ფილმიდან ,,ალუდა ქეთელაური"

,,ალუდა ქეთელაური ყოველთვის იცავდა საზოგადოების მიერ დადგენილ წესს. მოკლულ მტერს მარჯვენა ხელი უნდა მოჭრას (,,ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა, სცადა ფრანგული ფხიანი“). მაგრამ, ერთხელ, მუცალის ვაჟკაცობით მოხიბლულ-მოჯადოებულმა ალუდამ დაარღვია ადათი, მტერი მოჰკლა, მაგრამ მარჯვენა არ მოჰკვეთა (,, მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა: ცოდვა არიო; ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო“). ამ საქციელით პიროვნება (ალუდა) საზოგადოებას დაუპირისპირდა. ზნეობრივად ალუდა მართალია (,,ვაი ეგეტას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა“), მაგრამ მართალია საზოგადოებაც. იგი იცავს მის მიერ დადგენილ წეს-ჩვეულებას. ეს წეს-ჩვეულება, გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, საზოგადოების ერთიანობის, სიმტკიცის და ძლიერების საფუძველია. ამიტომ საზოგადოება ვერ დაუშვებს, რომ ყოველი პიროვნება, რარიგ ვაჟკაცი და მართალიც უნდა იყოს იგი, იქცეოდეს ისე, როგორც მის გუნება-განწყობილებას მოესურვება. ამგვარი თავისუფლების დროს საზოგადოების ერთიანობა-მთლიანობა დაიშლება და ქაოსი გამეფდება. ქაოსი კი დაღუპვით ემუქრება როგორც პიროვნებას, ისე მთელ საზოგადოებას. ამას კარგად ხედავს და გრძნობს თვითონ ალუდაც (,,ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა!“). მაგრამ მას აღარ ძალუძს მოერიოს თავისთავს და სულიერად დამორჩილდეს საზოგადოების მიერ მიღებულ წესს. მისი ჰიბრისი (დაუმორჩილებლობა) კიდევ უფრო გამომწვევი და გამაღიზიანებელი ხდება. ალუდა მუცალის ხსოვნას მოზვერს შესწირავს. ამის ატანა და მოთმენა საზოგადოებას აღარ შეეძლო. ალუდა მოკვეთეს.

ალუდა ქეთელაური, ოჯახითურთ, ტოვებს მშობლიურ მოწა-წყალს.

,,ალუდა ქეთელაურშიც“ ორი სიმართლე უპირისპირდება ერთმანეთს_ სიმართლე პიროვნებისა და სიმართლე საზოგადოებისა. აქაც საზოგადოება იმარჯვებს და პიროვნება მარცხდება (,,გადვიდნენ, ქედი გადავლეს, თხრილი აღარ ჩანს კვალისა. ერთი მაისმა შორითა მწარე ქვითინი ქალისა“).

მარგამ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა ხასიათს ატარებს ამ შემთხვევაში პიროვნების დამარცხება და საზოგადოების გამარჯვება. საზოგადოება იმარჯვებს ხორციელად, მაგრამ მარცხდება სულიერად. პიროვნება, მართალია, მარცხდება ხორციელად, მაგრამ იმარჯვებს სულიერად. საზოგადოებას შეუძლია ჯოყოლას წაართვას სტუმარი, მაგრამ არ ხელეწიფება, მშვინვიერად გატეხოს ჯოყოლას სიმტკიცე. საზოგადობას შეუძლია მოკლას ზვიადაური, მაგრამ არ ხელეწიფება მისი სულის მოდრეკა (,,გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა“). საზოგადოებას შეუძლია, წამიერად დაახევინოს უკან მინდიას, აიძულოს ხის მოჭრა თუ ნადირის მოკვლა, მაგრამ არ ხელეწიფება, ხელი შეუშალოს მის თვითმკვლელობას, რაც შექმნილ ვითარებაში გველისმჭამელის მიერ წუთიერი სისუსტის გამოსყიდვას და ღვთაებრივი სიბრძნისადმი ერთგულებას მოასწავებს, ადასტურებს.

ამიტომ უყვარს მკითხველს ჯოყოლაც, ალუდაც, მინდიაც, იგი ყოველთვის იმის მხარეზეა, ვინც სულიერად იმარჯვებს, თუმცა კარგად ესმის საზოგადოების ქმედების აზრიც.

მიუხედავად ხორციელი დამარცხებისა და ტრაგიკულობისა, ჯოყოლაც, ალუდაც, მინდიაც პუბლიკუმს იმედითა და რწმენით ავსებენ. მათი სულიერი გამარჯვება იმის მაუწყებელია, რომ დგება მომენტი, როცა პიროვნების ამბოხება, თუნდაც მარცხით დამთავრებული, იწყებს საზოგადოების გარდაქმნას, მის ამაღლებას. ჯოყოლას, მინდიას, ალუდას მოვლინების მერე საზოგადოება აუცილებლად იცვლება, თუმცა გარეგნულად შეიძლება არც შეიმჩნეოდეს. ხდება შინაგანი, მშვინვიერი განწმენდა. პუბლიკუმი მიდის ამაღლებული და მშვენიერი პიროვნების ზნეობრივი სრულყოფისა და თავისუფლების გზით. იმ პიროვნების გზით მიდის, რომლის შეზღუდვა-დამორჩილება საზოგადოებას უკვე აღარ შეუძლია, თუნდაც რომ არსებულ ვითარებაში საზოგადოების ქმედება თავის არსში მართალიც იყოს. ეს პროცესი ბუნებრივია, რადგან ახალი სიმართლე, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას ცვლის, პიროვნებას მოაქვს.“

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.      აბაშიძე კ. ეტიუდები, თბ.1970 წ.

2.      ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია.  სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, თსუ-ს გამოცემა, 2010 წ.

3.      ბაქრაძე ა. ,,სკოლას“, თბ. 2013 წ.

4.      გიგინეიშვილი ლ. ,,პიროვნების დაბადება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“

https://www.youtube.com/watch?v=L91Z6cVcj1k&t=1s

5.      მურღულია გ.  ,,საუბრები უფროსკლასელებთან“, თბ. 2013წ.

6.      ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად,  თბ. 2014 წ.



Comments

Popular posts from this blog

ბედი ქართლისა (ანალიზი)

კაცია ადამიანი?! ( ანალიზი)

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)